გიორგი ვაშაძე - ნიკა გვარამიას მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა დამიყენეს კანდიდატი ისნის რაიონში და ჩაშალეს დიდი პროცესი, რომელსაც დიდი გამარჯვება უნდა მოეტანა
გიორგი ვაშაძე - ნიკა გვარამიას მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა დამიყენეს კანდიდატი ისნის რაიონში და ჩაშალეს დიდი პროცესი, რომელსაც დიდი გამარჯვება უნდა მოეტანა

ნიკა გვარამიას მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა წინასაარჩევნოდ დაარღვიეს საერთო ოპოზიციური შეთანხმებები, სწორედ მისი უშუალო მონაწილეობით დამიყენეს კანდიდატი ისნის რაიონში და ჩაშალეს ის ძალიან დიდი პროცესი, რომელსაც დიდი გამარჯვება უნდა მოეტანა ქართველი ხალხისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ შეთანხმების გარეშე არსად შესვლას არ აპირებს.

„სამწუხაროდ, ისევ და ისევ ბინძური თავდასხმის ობიექტი გავხდით. ისევე, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ. სწორედ ის ძალები, რომლებიც დღეს ოპოზიციურ ერთობაზე საუბრობენ, წინასაარჩევნოდ სწორედ ამ ძალებმა, მათ შორის ბატონ ნიკა გვარამიას მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა დაარღვიეს საერთო ოპოზიციური შეთანხმებები, მისი უშუალო მონაწილეობით დამიყენეს კანდიდატი ისნის რაიონში და ჩაშალეს ის ძალიან დიდი პროცესი, რომელსაც დიდი გამარჯვება უნდა მოეტანა ქართველი ხალხისთვის.

ახლა, რაც შეეხება ჩემს ამოცანებს – პირდაპირ გეუბნებით, რომ ჩემი ამოცანაა და ჩვენი გუნდის ამოცანაა, რომ ის 30 პროცენტი მოსახლეობის, რომელმაც თუნდაც ამ არჩევნებზე არც „ნაცებს“ და არ „ქოცებს“ ხმა არ მისცა, აი, ეს ყველა უნდა გავაერთიანოთ იმისათვის, რომ ამ მოჯადოებული წრიდან გამოვიდეთ. არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ სხვის რიტორიკაზე აყოლას, აი, ამ ბინძურ ქმედებებზე აყოლას და ყველას ვეუბნები, რომ თავი შეიკავეთ ამ სიბინძურისგან და ამ თავდასხმისგან. ჩემი და თქვენი გზები, როგორც ჩანს, მართლაც განსხვავდება. მე მინდა, ივანიშვილი მოვაშთო ამ ქვეყნიდან და მიდი ხელისუფლება; თქვენ გინდათ, მთელი ცხოვრება იყოთ ოპოზიციაში მუდმივად პირველები. იმიტომ შევდივარ ამ შეხვედრაზე, რომ შედგეს საერთო შეთანხმება, რომლითაც ფუნდამენტს ჩავუყრით ივანიშვილის მოშთობას ამ ქვეყნიდან.

ჩვენს პარტიაში ყველა ამ აზრზეა და თუ პაატა მანჯგალაძის განცხადებაზე საუბრობთ, მან ერთადერთი რამ თქვა – მე ვენდობი ჩემს ლიდერს, რომელიც არის წარმოდგენილი ამ მოლაპარაკებებზე. მე მგონი, აბსოლუტურად სწორი განცხადებაა პაატა მანჯგალაძის, რომელიც არის ღირსეული ქართველი და ასეთი თავდასხმებით, ასეთი ვითომ ინფოებით მართულ ბინძურ კამპანიას, ჩვენ ყოველთვის დავუპირისპირდებით.

რაც შეეხება საერთო ოპოზიციაში განხეთქილების შეტანას, სწორედ ასეთ პროცესებს შეაქვს განხეთქილება. მე ვარ ის ადამიანი და კითხეთ ნებისმიერ ოპოზიციონერს, ვინც ძალიან დიდი ძალისხმევა გაიღო იმისთვის, რომ შენარჩუნებულიყო ერთიანობა პოზიციაში, რომ მაქსიმალურად ვყოფილიყავით ერთიანები ყველა შეთანხმებაზე. ასეთივე ერთიანი სახით მივდივართ დღეს შეთანხმებაზე და მე იმედი მაქვს, რომ ყველა ამ ბინძური თავდასხმებისგან შეიკავებს თავს“, – აცხადებს ვაშაძე.

მისი თქმით, ყველა საკითხზე შეთანხმდებიან ყველა ერთად ან ვერ შეთანხმდებიან.

„მორჩა და დამთავრდა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ – დიახ, ჩემი ამოცანა არის არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „ქოციონალური მოძრაობა“, არამედ 30 პროცენტიანი, დიდი მონოლითი, რომელიც ამ მოჯადოებული წრიდან გამოიყვანს პროცესს.

მიზანი ამ თავდასხმის არის ოპოზიციურ ფლანგზე, ნებისმიერ ლიდერს, რომელსაც შეუძლია ჰქონდეს დამოუკიდებელი განრიგი, რომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს კონსოლიდაციაში, მას ტალახი ესროლონ. ისევე, როგორც ეს იყო წინასაარჩევნოდ და მე შეგახსენებთ, სწორედ ამ ადამიანების მიერ, „მთავარი არხის“ მიერ გაკეთებულ სიუჟეტს სიუჟეტზე, როგორ ვითომ ვაკვრდებოდით ჩვენ ვიღაცებს და როგორ ბნელ მხარეს გადავდიოდით. ბნელ მხარეს არიან ის ადამიანები, რომლებსაც თავისი თავის ოპოზიციონერობა უნდათ და არა გამარჯვება ამ ქვეყანაში.

„მთავარმა არხმა“ ისე გააკეთა სიუჟეტი, არც დაგირეკავთ, ნიკა გვარამიას ჩემი ტელეფონი აქვს და შეუძლია, რომ დამირეკოს და არც კი გიკითხავთ არაფერი. გააკეთეთ სიუჟეტი, რომ ვითომ ჩვენ ვაპირებთ რაღაცა ძირგამომთხრელ საქმიანობას ოპოზიციასთან მიმართებით, ამას არ ვაპირებთ.

საერთო ოპოზიციურ ფორმატში ვიღებთ მონაწილეობას, მე სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც მოვუწოდებ, კარგად დავფიქრდეთ, რა თქმა უნდა აქ ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი გზა უნდა ავირჩიოთ იმისთვის, რომ არ ვიყოთ მძევალი. ჩემთვის პრინციპულია კონსოლიდაცია იმ 30 პროცენტი ადამიანების, ვინც ამ არჩევნებში გამოჩნდა.

ჩემი შეცდომა თუ რამე არის, არის ის, რომ იმ აღვირახსნილ კრიტიკას, რაც წინასაარჩევნოდ იყო, მე არ ვუპირისპირდებოდი ისე, როგორც საჭირო იყო. მეგონა, რომ ხალხი ბრძენია და ამას ყველაფერს პასუხს გასცემს. ჩვენ ჩვენი განრიგი გვაქვს და ყველა თავდასხმას ამიერიდან ვუპასუხებთ. ვინც ეს განცხადებები გააკეთა და ფეისბუქზე ივაჟკაცა, იმას უნდა იცოდეს, რომ პროცესებს აზიანებს.

ამ დღეების მანძილზე, ყველა შეხვედრის წინ გაძლევთ ყველა კითხვაზე პასუხს და ყველა შეხვედრის შემდეგ გაძლევთ. ჩემი ოჯახური პირობებიდან გამომდინარე, თუ რაღაც გადაცემებში ვერ მივდივარ, ეს სხვა საკითხია და ეს ძალიან კარგად იცის მათ შორის ნიკა გვარამიამაც. მან დაიწყო ეს თავდასხმა ჩემზე და მზად ვარ ნებისმიერ სიტუაციაში განვიხილო აბსოლუტურად ყველა ეს საკითხი. მოლაპარაკებას აზიანებს ნამდვილად. მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი ის ადამიანი, რომელიც ვითხოვდი გასაჯაროებას ამ ყველაფრის, რაც შიგნით ხდება, მათ შორის ელჩებთან.

არის საჭირო 30 პროცენტის კონსოლიდაცია, რომ ამ მოჯადოებული წრიდან გამოვიდეთ, რადგან არ შეიძლება ვიყოთ მუდმივად რაღაცა თავდასხმების ობიექტი. ჩემი შეცდომა, კიდევ ერთხელ ვამბობ არის ის, რომ წინასაარჩევნოდ რომ არ ვუპასუხე ყველა თავდასხმას, რომელიც იყო ჩვენთან, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ მიმართებით, ამას ფუნდამენტურ შეცდომად მივიჩნევ და მომავალში ამას არ ვაპირებ არასდროს გავიმეორო“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.