ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მთავრობის გადადგომის შესახებ განაცხადა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მაკრ რუტემ მთავრობის მთელი შემადგენლობის გადადგომის შესახებ წერილით მეფეს უკვე მიმართა. ინფორმაცია ნიდერლანდების საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ნიდერლანდების მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ მმართველ კოალიციაში საიმიგრაციო პოლიტიკის საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა და, შესაბამისად, გადაწყდა, რომ სამთავრობო კოალიცია დაიშლება.
მისივე თქმით, მიგრაცია ნიდერლანდებისთვის მთავარი სოციალური პრობლემაა და მისთვის სამწუხაროა, რომ კონსენსუსი ვერ მოიძებნა.
„ამ საკითხის იგნორირებას ვერ მოვახდენთ. მთავრობა გადადგება“, – განაცხადა რუტემ.
მან ასევე განაცხადა, რომ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, გააგრძელებს თუ არა საკუთარი პარტიის თავმჯდომარეობას.
ნიდერლანდების საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, რიგგარეშე არჩევნები ქვეყანაში ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება.
ქვეყნის მმართველ კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა და თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ კანონმდებლობაზე კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა.