Newsweek აქვეყნებს „ჯეიმსთაუნ ფაუნდეიშენი​ს“ მკვლევარის სტატიას - „რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს უსაფრთხოებას იმპერატიულს ხდის“
Newsweek აქვეყნებს „ჯეიმსთაუნ ფაუნდეიშენი​ს“ მკვლევარის სტატიას - „რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს უსაფრთხოებას იმპერატიულს ხდის“

გამოცემა Newsweek აქვეყნებს „ჯეიმსთაუნ ფაუნდეიშენის“ (Jamestown Foundation) უფროსი მკვლევარის, იანუშ ბუგაისკის სტატიას – „რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს უსაფრთხოებას იმპერატიულს ხდის“.

„მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სანქციები რუსეთის ეკონომიკას ანგრევს, კრემლი შესაძლოა, სულ უფრო მეტად სასოწარკვეთილი გახდეს მის საზღვრებთან დასავლეთის ეკონომიკური ინტერესების მიმართ. ერთ-ერთ მთავარ მოწყვლადობას წარმოადგენს ენერგეტიკული არტერიები და სატრანსპორტო მარშრუტები, რომლებიც კასპიის აუზს რუსეთის გვერდის ავლით ევროპასთან აკავშირებს. ძირითადი სანავთობე და გაზის მილსადენები საქართველოს უმეტეს ნაწილში გადის, რომელიც აშშ-ის სანდო მოკავშირე, ნატო-ს პარტნიორი და ევროკავშირის ასპირანტია, რომლის ტერიტორია უკვე ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ და რომლისთვისაც მეტი დასავლური დაცვა უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

საქართველო „არარუსული“ ნავთობისა და გაზის ძირითადი სატრანზიტო ქვეყანაა ევროპის სახელმწიფოებში, რომელთა შორისაა „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა“ და „ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობსადენები“ და „სამხრეთ გაზის დერეფანი“. ეს უკანასკნელი მიმდინარე წლის ბოლომდე ევროკავშირსა და თურქეთს 16,2 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიაწვდის. ამ მოცულობის გაორმაგების გეგმები რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გამო გაორმაგდება და 17 პროცენტამდე ჩაანაცვლებს ევროკავშირსა და თურქეთში რუსული გაზის მიწოდებას. ეს მზარდად მნიშვნელოვანი მილსადენები საფრთხის ქვეშაა, რადგან რუსულ ძალებს ოკუპირებული აქვთ ცხინვალის რეგიონი და სწრაფად შეუძლიათ მისი ხელში ჩაგდება, აღმოსავლეთ-დასავლეთის სასიცოცხლო მნიშვნელობის მაგისტრალის „გაწყვეტა“ და საქართველოს „ფაქტობრივი“ გაყოფა“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.

მკვლევარი აღნიშნავს, რომ დასავლეთის ქვეყნები მიდიან რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტის ყოვლისმომცველი ემბარგოსკენ, რათა მოსკოვს წაართვან შემოსავლები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომს უწყობს ხელს.

„საქართველო იყო უკრაინის „ხმამაღალი ადვოკატი“ საერთაშორისო სასანქციო რეჟიმთან მიერთების კუთხით მაშინაც კი, როდესაც მას რუსული არმიისგან ხელახალი საფრთხე ემუქრება, რომელიც უკვე აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტს და აქვს განთავსებული ტანკები ქვეყნის დედაქალაქ თბილისიდან სულ რაღაც 40 მილის მოშორებით. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა უკანონოდ დაიკავა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები და ისინი „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ გამოაცხადა, ისევე, როგორც ეს გააკეთა უკრაინის სუვერენულ დონბასის ტერიტორიაზე.

საქართველოში შეჭრის შემდეგ მოსკოვს არ დამუქრებია დასავლური სანქციები მაშინაც კი, როდესაც მან დაარღვია ევროკავშირის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებული სამშვიდობო შეთანხმება. რუსეთის აგრესიის ფონზე დასავლეთის წარუმატებლობამ გაათამამა კრემლი, დაეგეგმა თავდასხმები უკრაინაზე. თბილისს ნებისმიერ დედაქალაქზე უკეთ ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სადამსჯელო სანქციები დაწესება აგრესიისთვის ძირის გამოსათხრელად. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ იმუშავებს საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული მნიშვნელოვანი ფინანსური სანქციების შესაბამისად. მთავრობა საერთაშორისო დონეზე უჭერდა მხარს უკრაინის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, მხარი დაუჭირა რუსეთის გარიცხვას ევროპის საბჭოდან და არის 38 ქვეყანას შორის, რომლებიც ითხოვენ ომის დანაშაულების გამოძიებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. დღეისთვის საქართველომ უკრაინას დაახლოებით 140 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა“, – აღნიშნულია სტატიაში.

მკვლევარი წერს, რომ საქართველოს ყველა მთავრობამ, საზოგადოების დიდი მხარდაჭერით, მტკიცე ვალდებულება აიღო დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრირებისთვის.

„საქართველოს არის ასოცირებული ტრიოს პაქტის ნაწილი, რომელიც 2021 წლის მაისში უკრაინასთან და მოლდოვასთან გაფორმდა და რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ითხოვს. 2022 წლის მარტის დასაწყისში სამმა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ოფიციალური მიმართვა გააკეთა. ინტეგრაციის პროცესი 2014 წელს დაიწყო, როდესაც საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას და მას შემდეგ თბილისმა ეკონომიკური და სამართლებრივი რეფორმების ვრცელი პაკეტი განახორციელა. საქართველოს სწრაფვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ რჩება თანმიმდევრულ მიზნად და დღევანდელმა მთავრობამ მისი კონსტიტუციაში მიღება უზრუნველყო.

თუმცა, ეკონომიკური განვითარების საფუძველი ეროვნული უსაფრთხოებაა და საქართველოს თითოეული მთავრობა ისწრაფვოდა ნატო-ს წევრობისკენ, ალიანსთან მჭიდრო კავშირების გზით. აშშ-სთვის და ნატო-სთვის აუცილებელია, ხელი შეუშალონ მოსკოვს ახალი რეგიონული კონფლიქტის მოწყობაში და საქართველო წარმოადგენს იდეალურ შესაძლებლობას მოსკოვის შესაკავებლად, ამ ქვეყნის თავდაცვის უფრო ძლიერი ვალდებულებების აღების გზით. წელს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი შესრულდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, გააძლიეროს 2009 წელს ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება. შეიძლება, განხორციელდეს რამდენიმე ახალი ინიციატივა, მათ შორის საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება, ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები და დასავლურ ინსტიტუტებში ქვეყნის ინტეგრაციის უფრო აქტიური მხარდაჭერა.

ვაშინგტონი და ბრიუსელი უნდა დაეხმარონ საქართველოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, პორტების, აეროპორტებისა და სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებაში, რომლებიც ევროპისა და დასავლეთისთვის კრიტიკულია. რამდენადაც რუსეთი სუსტდება მძიმე საერთაშორისო სანქციების ფონზე, ვაშინგტონსა და ბრიუსელს ექნებათ მეტი შესაძლებლობა, დაიცვან საქართველოს უსაფრთხოება და დროულად დაეხმარონ საქართველოს სუვერენიტეტის მშვიდობიანად აღდგენაში, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნავს Jamestown Foundation-ის უფროსი მკვლევარი ​იანუშ ბუგაისკი.