„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის პარტიაში შეერთების შესახებ მიხეილ სააკაშვილისგან წერილით შეიტყო და სოციალური ქსელით არ გაუგია.
„მიუხედავად იმისა, რომ ლონდონში შეხვედრების ძალიან გადატვირთული გრაფიკი გვქონდა, ლონდონიდანვე გამოვეხმაურე ამ სიახლეს და მაშინვე მივესალმე იმას, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი უერთდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებს. ძალიან დიდი ხანია, მიდის საუბარი პრეზიდენტ სააკაშვილთან, მათ შორის, ჩემი ინიციატივით, რომ პარტიაში აუცილებელია გარკვეული ცვლილებები. ამაზე ჩვენ ძალიან დიდი ხნის კომუნიკაცია გვაქვს. მე და პრეზიდენტ სააკაშვილს, ძალიან დიდი ხანია, კომუნიკაცია გვაქვს აღნიშნულთან დაკავშირებით, მათ შორის, ნანუკა ჟორჟოლიანის ჩართულობასთან დაკავშირებით. მივესალმები აბსოლუტურად ყველა ენერგიული, განსაკუთრებით ცნობადი სახის შემოერთებას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. მიმაჩნია, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს სამოქალაქო აქტივიზმის სფეროში, უამრავ ადამიანს ეხმარება, აქტიურად მუშაობს პოლიტიკურ პატიმრებთან, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს განაცხადი და ნანუკა ჟორჟოლიანის მოსვლა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ხაზს უსვამს პარტიული მუშაობის მნიშვნელობასაც. წერილი მქონდა, კონკრეტულად ნანუკა ჟორჟოლიანის „ნაციონალურ მოძრაობაში“ შემოერთებასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია მივიღე წერილით პრეზიდენტ სააკაშვილისგან“, – განაცხადა ბოკუჩავამ „ტვ პირველის“ ეთერში.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მკვეთრად განმარტა, რა ცვლილებების გატარებას გეგმავს პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების ჩართულობით და ასევე, მკაფიოდ ახსენა თინა ბოკუჩავა ამავე პოსტში.
ბოკუჩავას თქმით, მადლობას უხდის სააკაშვილს ნდობის მანდატისთვის, თუმცა ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას ამ ცვლილებების გატარებასთან დაკავშირებით.
„იმავე პოსტში, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში ნანუკა ჟორჟოლიანის შემოერთებასთან დაკავშირებით, მან ასევე ძალიან მკაფიოდ განმარტა, და მე მისი ძალიან მადლიერი ვარ ამგვარი ნდობის ჩემ მიმართ, როგორც პარტიის თავმჯდომარის მიმართ, რომ ამ ცვლილებების განხორციელებას, რომელსაც ის გეგმავს, ასევე, პარტიის თავმჯდომარესთან ერთად და სახელობით მომიხსენია მე, ამ ნდობის მანდატისთვის მე ვარ ძალიან მადლობელი. გულწრფელად გეტყვით, მაქვს თუ არა გადაწყვეტილი, ავიღო თუ არა ეს პასუხისმგებლობა, რადგან ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო „ნაციონალური მოძრაობის“ ვერცერთმა სხვა თავმჯდომარემ ვერ შეძლო თავის მანდატის, ვადის ბოლომდე მიყვანა. პარტიის თავმჯდომარედ მე ამირჩიეს 2024 წლის 8 ივლისს, შესაბამისად, შევძლებ ეს მანდატი ყოველგვარი გადატრიალების, სკანდალის, სერიოზული ვნებათაღელვის გარეშე მივიყვანო ბოლომდე. არ მიმაჩნია, რომ ეს ჩემი დამსახურებაა, ეს არის ჩვენი ერთობლივი დამსახურება, ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის, პოლიტსაბჭოს, მხარდამჭერების, რა თქმა უნდა, ჩემი დამსახურებაც. პოსტში პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გამომიცხადა ნდობა, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, ამ ცვლილებების განხორციელებაში. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ვარ ძალიან მადლიერი ამ ნდობის მანდატისთვის, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება, ამ უდიდეს პასუხისმგებლობას ავიღებ თუ არა, მე არ მაქვს მიღებული. ეს არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად შევძლებთ პოლიტსაბჭოს რეფორმირებას, მათ შორის ლევან ხაბეიშვილის ჩართულობით. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ჩართულობის გარეშე ვერ წარმომიდგენია პოლიტსაბჭოს რეფორმირება. არ შეიძლება, ანგარიში არ გავუწიოთ იმ გარემოებას, რომ ლევან ხაბეიშვილი ტყვეობაშია და პოლიტიკური საბჭოს რეფორმირება მოვახდინოთ ისე, რომ ამ ადამიანს არ ვკითხოთ აზრი. ასევე, ჩემი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი მომავალი არჩევნებისთვის არის თბილისის ორგანიზაციის გაძლიერება, რაც ვერ წარმომიდგენია ირაკლი ნადირაძის ჩართულობის გარეშე, რომელიც ასევე ტყვეობაშია“, – განაცხადა ბოკუჩავამ და აქვე აღნიშნა, რომ რეფორმების განხორცილებისას მნიშვნელოვანია რეგიონული ლიდერების მონაწილეობაც.
ამასთან, კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანს მართლა შესთავაზა სააკაშვილმა პარტიის თავმჯდომარეობა, ბოკუჩავამ უპასუხა, რომ არასდროს ერთვება მსგავსი ტიპის დისკუსიებში.
თინა ბოკუჩავას თქმით, მიხეილ სააკაშვილს თავად არსად დაუწერია ნანუკა ჟორჟოლიანისთვის პარტიის თავმჯდომარეობის შეთავაზების შესახებ.
„ეს პრეზიდენტ სააკაშვილს თავად არსად დაუწერია. მე არასდროს არ ვერთვები ხოლმე ასეთი ტიპის დისკუსიებში. მჯერა-არ მჯერა არ არის, აქ არის პოსტი, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ, რომლითაც იხელმძღვანელებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. პოლიტიკური ჭორაობა არასდროს არ იყო ჩემი სფერო და ინტერესი.
მე წავიკითხე ის საჯარო პოსტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა. ვფიქრობ, ყველაზე მართებული იქნება, რომ ამ ეტაპზე ვიხელმძღვანელოთ იმ საჯარო პოზიციით, რომელიც პრეზიდენტმა გამოაქვეყნა. სხვა რამის გამოქვეყნება რომ ნდომებოდა, ამას გააკეთებდა“, – განაცხადა ბოკუჩავამ.