რომან კაკულია - ირანმა და აშშ-მა დაინახეს ისეთი რისკები, რომლებიც მათთვის შეიძლება, ძალიან დიდი საფრთხის შემცველი იყოს და მხოლოდ ეს გახდა შეთანხმების მიზეზი
რომან კაკულია - ირანმა და აშშ-მა დაინახეს ისეთი რისკები, რომლებიც მათთვის შეიძლება, ძალიან დიდი საფრთხის შემცველი იყოს და მხოლოდ ეს გახდა შეთანხმების მიზეზი

ჩემი აზრით, ორივე მხარემ დაინახა ისეთი რისკები, რომლებიც მათთვის შეიძლება, ძალიან დიდი საფრთხის შემცველი იყოს და მხოლოდ ეს გახდა ამის მიზეზი, – ასე უპასუხა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას: აშშ-ირანს შორის შეთანხმება ისტორიული მშვიდობის დასაწყისია თუ დროის გაყვანის მცდელობა მომავალ ომამდე?

„სიმართლე გითხრათ, ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით პოზიტიური დასკვნა ძალიან იშვიათად შემხვდა, ასე ვთქვათ, იმედიანი. მსოფლიო წესრიგში, შეიძლება, რაღაც ახალი ტენდენცია დავინახოთ და საქმე სწორედ მაგაშია, ეს კონკრეტული შემთხვევაც, საბოლოო ჯამში, ათვლის წერტილს იღებს იქიდან, თუ რა პროცესია მთლიანად და ამ პროცესის განმსაზღვრელი ტენდენციები, რომლებიც ასე ერთი შეხედვით ზედაპირზე არ დევს, განსაზღვრავენ ახლა სწორედ ამას. ბატონმა ტრამპმა თავი როგორც დაგვამახსოვრა, აქაც ორიგინალური ვერ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ მისი ყველა სვლა არასდროს არ იკითხება დავუშვათ ისე, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს, თუმცა გასაგებია ერთი რამ, როდესაც შეთანხმებები ვერ მიიღწევა, რაც ზოგადად ასეა და არა მარტო ამ შემთხვევაში, როცა რისკები მოდის ხოლმე წინა მხარეს და მივდივართ სიტუაციამდე, როდესაც კატასტროფა რეალურია და ჩანს, მერე ეს ხდება ხოლმე შეთანხმების მომენტი. შეიძლება, ვერაფერზე ვერ ვთანხმდებოდეთ, ვერც ღირებულებებზე და ვერც სხვადასხვა ჩვენი მოთხოვნის ურთიერთშესაბამისობაზე, მაგრამ როდესაც რისკები იმ დონეზე გამოიკვეთება, რომ ის ორივესთვის გასაგები ხდება და მისი ქმედება უკვე ორივეზე არის ძალიან აშკარა, ეს ხდება ხოლმე პირველი ათვლის წერტილი იმისათვის, რომ შეხება მოხდეს. ჩემი აზრით, ამასთან გვაქვს საქმე, ანუ, ორივე მხარემ დაინახა ისეთი რისკები, რომლებიც მათთვის შეიძლება, ძალიან დიდი საფრთხის შემცველი იყოს და მხოლოდ ეს გახდა ამის მიზეზი“, – განაცხადა კაკულიამ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე რომელი პოზიციების დასუსტებამ ან პირიქით, გაძლიერებამ მიიყვანა მხარეები ამ გადაწყვეტილებამდე, რომან კაკულიამ განაცხადა, რომ ენერგეტიკული კომპონენტი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი წამყვანია, მაგრამ, მთლიანობაში, ეს მხოლოდ პაუზაა, რადგან ამ შეჩერებაში ვერავინ ვერ დაგვანახებს მომავალი მსოფლიო წესრიგის იმ ელემენტებს, რომელმაც შეიძლება, ათვლის წერტილი აქედან აიღოს.

„რა მსოფლიო წესრიგი გვექნება შემდეგ, ბევრი ალტერნატივა კი არ არის. დაიბრუნებს ამერიკა იმ დომინანტის ფუნქციას და გაჰყვება იმ ხაზს, რასაც პომპეო ამბობს, რომ საიდანაც ის უკან გამოვა, სხვა შემოვა და ეს მიუღებელია თუ ძალთა ბალანსის თემა იქნება აქტუალური, რასაც მირშაიმერი ამბობს, რაც მაინცდამაინც საინტერესო, შეიძლება, ამ ეტაპზე არ იყოს, მაგრამ თუ სხვა გზა მსოფლიოს არ ექნება და ამ გზით წავალთ, მაშინ ეს ენერგეტიკული საკითხები და ყველაფერი სხვა, გარკვეულწილად, ასახვას ამაში ჰპოვებს”, – განაცხადა კაკულიამ.

მისივე თქმით, თუ ძალთა ბალანსის თემაზე მოხდება გარკვეული ტიპის შეთანხმება, ეს აქაც აისახება, ხოლო თუ აშშ-მა უნდა დაიბრუნოს დომინანტობა, მაშინ ეს ომი აუცილებლად განახლდება, უბრალოდ, ამისთვის მომზადება მოხდება.

„საბოლოო ჯამში, ახლა იცით, მთელი ეს ყველაფერი საით მიდის? ამას წინათ ჩარლზ მესამე სენატში რომ გამოვიდა, ხომ გახსოვთ, რა შეხვედრა იყო, ყოველ მეორე წუთში ტაში და ასე შემდეგ? რაც იქ ჩარლზმა ამერიკელებს უთხრა, შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ დღევანდელი გეოპოლიტიკის, ფაქტობრივად, ერთ-ერთი გამოწვევა ეს არის; ჯერ დაამადლა, თუ გახსოვთ, ეს დემოკრატია და ადამიანის უფლებები მემკვიდრეობით ჩვენ რომ მოგეცით 250 წლის წინ, მაგიტომ დგახართ ახლა ფეხზე, ეს არ დაგავიწყდეთ და იქნებ დაგვიბრუნოთ უკან ამის პასუხიო. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ფაქტობრივად და ახლა შვიდიანის შეკრებაზე რომ ვთქვათ, ევროპას საერთოდ რა უნდა ამერიკისაგანო, რაც ჩარლზ მესამემ თქვა სენატში, ეს უნდა ევროპას ამერიკისგან. ამერიკისთვის ახლა ბევრ ფრონტზეა გაშლილი ეს ამბავი და ბევრი უბანია, სადაც მისი თემები არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ეს დაშვება გავაკეთოთ, აქვს მას იმის რესურსი, რომ დაიბრუნოს ის დომინანტის ფუნქცია და მერე, თავისთავად, ენერგეტიკულ კორიდორებთან და შეიარაღებასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა აისახოს უკვე ამ გადაწყვეტილებაში? დომინანტობას თუ ვერ იბრუნებს, მაშინ სხვა გადაწყვეტილება იქნება, რადგან შემოდის ისრაელის პრობლემაც. ახლა ამ პრობლემის გადაწყვეტილებაში ისრაელზე საერთოდ ვინმე ილაპარაკა? რატომ დაიწყო ეს კონფლიქტი? ამ შეთანხმებაში, მე მგონი, ისრაელზე საერთოდ არაფერი არ წერია და ისრაელზე თუ არაფერი არ წერია ამ შეთანხმებაში, ჩემი აზრით, უკვე მის სიცოცხლისუნარიანობას ეს ფაქტორიც კი ეჭვის ქვეშ აყენებს და შესაბამისი განცხადებიც გააკეთა პატივცემულმა“, – განაცხადა კაკულიამ.

მისივე თქმით, პროგნოზი ჯერ ისედაც რთული საქმეა, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა დაველოდოთ.

„დადებითი, იმედიანი პროგნოზის მომცემი, რა ვიცი, ძალიან ნაკლებია რამე“, – განაცხადა კაკულიამ.