ლიანა ჯერვალიძე - ვფიქრობ, ჰორმუზის გახსნა და ომის შეწყვეტა ამ ეტაპზე არის ძალიან კარგი ფაქტი, თუმცა რამდენად არის ეს ომის დასასრული, ვერავინ იტყვის
ლიანა ჯერვალიძე - ვფიქრობ, ჰორმუზის გახსნა და ომის შეწყვეტა ამ ეტაპზე არის ძალიან კარგი ფაქტი, თუმცა რამდენად არის ეს ომის დასასრული, ვერავინ იტყვის

ძალიან ძნელია წინასწარ რამის თქმა, ჯერ ჩვენ ხელშეკრულება არ გვაქვს, ჯერ მხოლოდ მემორანდუმზეა ლაპარაკი, – ასე უპასუხა ექსპერტმა რეგიონული ენერგეტიკისა და ტრანსპორტის საკითხებში, ლიანა ჯერვალიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, გვაქვს თუ არა საქმე ტაქტიკურ უკან დახევასთან და რამდენად რეალისტურია ირანთან ომის რეალურად დასრულება არსებული განცხადებების, თუ სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით.

„თუ ეს გაფორმდა პარასკევს ნამდვილად, დღეს არაღჩი ამბობდა, რომ შესათანხმებელია ადგილი, სად შეხვდებიან და თუ შეხვდებიან და ხელს მოაწერენ ამ მემორანდუმს, შემდეგ მაშინვე, იმ წუთშივე იწყება იგივე ადგილზე მოლაპარაკებები ტექნიკურ საკითხებზე, რომელზეც გაწერილი არის ორი თვე. მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, თუ ეს შედგა, დაიწყება უკვე კონკრეტული მოლაპარაკებები იმ საკითხების ირგვლივ, რომელზეც შეთანხმდნენ მემორანდუმის ფარგლებში. რამდენად ეს არის ომის დასასრული, ვერავინ ვერ იტყვის, რადგან ძალიან სერიოზულ თემებზე განსხვავებული მოსაზრებები ვრცელდება მხარეთა მხრიდან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე მოლაპარაკებები დასრულებული არ არის და ჯერ არ არიან შეთანხმებული ამ საკითხების ირგვლივ. ამიტომ, ძალიან წინსწრებით საუბარი გამოგვდის, თუმცა მე ვფიქრობ, ჰორმუზის გახსნა არის კარგი ფაქტი და ომის შეწყვეტა ამ ეტაპზე არის ძალიან კარგი ფაქტი, რადგან ომი არავისთვის კარგი არ არის, არც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის. ამ ომის და დარტყმების შედეგად გადაიკეტა ჰორმუზის სრუტე და რესურსების დიდი ნაწილი მოწყდა სამომხმარებლო ბაზარს, რამაც ფასების აწევა და ბაზრის წილების გადანაწილება გამოიწვია“, – განაცხადა ჯერვალიძემ.

მისი თქმით, ევროკავშირი ძალიან კარგად და რბილად გამოდის ამ სიტუაციიდან, მაგრამ სამაგიეროდ, დაზარალდნენ ის ქვეყნები, რომლებიც არიან გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები.

„სურათი არის ასეთი, ნავთობზე ფასი აიწია, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც მოსალოდნელი იყო; დაზარალდა ევროკავშირი, რადგან მისი მომარაგება, განსაკუთრებით პროდუქტებით, ხდებოდა ახლო აღმოსავლეთიდან; ჩინეთს ჰქონდა დამარაგებული ზღვაზე ტანკერებით დიდი რაოდენობით რესურსი ასეთი ვითარებისთვის და ამიტომ, ყველაზე დიდი ზარალი ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, განიცადა ევროკავშირმა. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გარკვეული დადებითი შედეგი მიიღო აშშ-მა, რადგან აშშ არის ნავთობის ექსპორტიორი, თხევადი გაზის ექსპორტიორი; როდესაც ბაზარზე დეფიციტი შეიქმნა, ამერიკამ სანქციები მოუხსნა რუსულ ნავთობს და ეს ორი მხარე ფაქტობრივად, აღმოჩნდა პოზიტიურ სივრცეში ამ გადაკეტვის შედეგად. ამ კრიზისის შემდეგ ევროკავშირის ბაზარზე ამერიკიდან ნავთობის ექსპორტი გაიზარდა დაახლოებით, 25%-ით, გაზი 30%-ით. ფაქტობრივად ამერიკის ნავთობწარმოება და თხევადი გაზის წარმოება იყო თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმზე გასული და ფაქტობრივად, ევროკავშირის ბაზარზე ასეთი დეფიციტი არ გაჩენილა. ფასიც არ წასულა ძალიან მაღლა, იმიტომ, რომ ევროპაში ამერიკიდან შემოსული თხევადი გაზის ყველაზე მაქსიმალური ფასი დაფიქსირდა 580 დოლარი, არადა, მაგალითად, 2021 წლის დიდი კრიზისის დროს ფასი ავიდა 800, 1000, 1 500 დოლარამდე. ახლაც იყო ასეთი მოლოდინი, მაგრამ ასეთი განვითარება ამას არ მოჰყოლია. ევროკავშირი ძალიან კარგად და რბილად გამოდის ამ სიტუაციიდან, მაგრამ სამაგიეროდ, დაზარალდნენ ის ქვეყნები, რომლებიც არიან გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები და რომლებსაც არ ჰქონდათ მარაგები, ისინი არ არიან ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს წევრები და მათ ვალდებულება არ აქვთ, რომ 2-3 თვის მოხმარების მარაგი ჰქონდეთ. ამიტომ, ასეთი ქვეყნები ყველაზე მეტად დაზარალდნენ ამ ჰორმუზის სრუტის გადაკეტვის შედეგად და ახლა მისი გახსნა შველა არის იმ ქვეყნებისთვის, რომელიც ამ გადაკეტვის შედეგად დაზარალდნენ“, – განაცხადა ჯერვალიძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, თუ ამ მოცემულობით ისარგებლა აშშ-მა და ევროკავშირმა იზარალა, მაშინ რა გახდა მთავარი გარდამტეხი ფაქტორი და რამ აიძულა მხარეები, რომ ამ ტიპის კომპრომისზე წასულიყვნენ, ლიანა ჯერვალიძემ განაცხადა, რომ ომმა არ გამოიღო ის შედეგი, რაც მოსალოდნელი იყო.

„ხანგრძლივ საომარ კონფლიქტში შესვლა მხარეებს არ სურთ, ეს არის მთავარი ფაქტორი, ჩემი აზრით. იმიტომ, რომ ის მოლოდინი, რომ უცებ მოხდებოდა გარდატეხა ირანის ფრონტზე, არ მოხდა, დიდი, ხანგრძლივი ომისთვის კი არც ერთი მხარე არ აღმოჩნდა მზად, ბირთვული ომისთვის მით უმეტეს, ეს სული კატასტროფა იქნებოდა და ამიტომ, მხარეებმა დაიწყეს მოლაპარაკება ამ ეტაპზე; მით უმეტეს, ახლა ვხედავთ, რომ ამერიკაში არჩევნები მოდის და საჭირო არის მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინება. მართალია, ამერიკაშიც გაიზარდა ნავთობპროდუქტებზე ფასი, მაგრამ არ გაზრდილა იმდენად, რამდენადაც მოსალოდნელი იყო. დასავლეთმა ეს კრიზისი ძალიან კარგად გადაიტანა. პირიქით, მე ვფიქრობ, საკმაოდ მოგებაზეც გავიდნენ ამერიკული კომპანიები ამ კრიზისის შედეგად“, – განაცხადა ჯერვალიძემ​​.