მიხეილ სააკაშვილი - 20 ივნისთან დაკავშირებით რამდენიმე ოპოზიციონერმა თქვა, მიშას მხარდაჭერილი აქციაა და ვნახოთ, რა გამოუვაო, აღარც მალავენ, რომ მათთვის პროგრამა მაქსიმუმი ჩემი ნეიტრალიზაციაა
20 ივნისს სრულდება წლისთავი „გავრილოვის ღამის“ – ანტირუსული აჯანყებით თბილისის ცენტრში, რომელმაც ყველას დაანახა, რომ ერი რუსებს არ მიიღებს და ამ დღესთან დაკავშირებით მე დავუჭირე მხარი საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, გამართულიყო აქცია რუსთაველზე. ეგრევე, რამდენიმე ოპოზიციონერმა ის კი არ თქვა, რომ ჩვენც შემოვუერთდებითო, არამედ მიშას მხარდაჭერილი აქციაა და ნიშნის მოგებით, ვნახოთ, რა გამოუვაო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ოპოზიციონერთა აღნიშნული ნაწილი აღარც მალავს, რომ მათთვის პროგრამა მაქსიმუმი სააკაშვილის ნეიტრალიზაციაა და ივანიშვილის მოშორებაზე აღარც ოცნებობენ.
„ჩათვალეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატია, მე ციხიდან თავისუფლად მუშაობის საშუალება არ მაქვს და 20 ივნისის აქციის ჩავარდნის ალბათობაში, თავისი მიშაზე გამარჯვება დაინახეს. ისევე როგორც 2024 წელი, როცა ხმები ყველამ ერთად ვერ დავიცავით, მათთვის მარცხი კი არ იყო, არამედ ციხეში მჯდომ მიშაზე გამარჯვება.
მოკლედ ძალიან სასაცილოები გახდნენ და აღარც მალავენ, რომ მათთვის პროგრამა მაქსიმუმი ჩემი ნეიტრალიზაციაა და ივანიშვილის მოშორებაზე აღარც ოცნებობენ. ისევე როგორც 2023-ში „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზოგიერთების წასვლა იყო დამარცხებულის კომპლექსის გამოვლინება. ივანიშვილს ვერ ამარცხებენ და მიშა „დაამარცხეს“.
ერთადერთი, ვინც არ შეეგუა და ვერასდროს შეეგუება დამარცხებას, არის „ნაციონალური მოძრაობის“ ჯანსაღი ბირთვი, რომელსაც უკვე ათწლეულებია, ჰყავს ძალიან ერთგული, გონიერი, მშრომელი მხარდამჭერები, რომელთაც ძალიან ვაფასებ.
ამავე დროს, მუდმივად ხდება განახლების პროცესი, რომელსაც ახლა ახალი ენერგიით ვიწყებთ. ჩვენ დანარჩენებისგან განსხვავებით საერთოდ არ გვაინტერესებს სხვა პარტიებთან შეჯიბრი, ჩვენი ერთადერთი მიზანი არის დიქტატურის დამარცხება და საქართველოსთვის ღირსების და მომავლის დაბრუნება.
და ისე კი, რა თქმა უნდა მოგიწოდებთ, რომ 20 ივნისს და ნებისმიერ სხვა დღეს ვაჩვენოთ, რომ არაფრით არ ვართ აზერბაიჯანელებზე, მოლდოველებზე, სომხებზე ნაკლები და ვაჩვენოთ, რომ არასდროს შევეგუებით ოკუპანტებს და მათ მარიონეტებს. რამდენიც არ უნდა ვიყოთ, უნდა დავდგეთ ერთად და გავერთიანდეთ დროშის გარშემო“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.