ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანი შეიძლება იყოს, – ამ სიტყვებით იწყებს The New York Times საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით, „8 000 წლის დაძველების ღვინო პრეისტორიული ხანის საქართველოდან“.
გამოცემა წერს, რომ „ქვეყანა, რომელიც ევროპასა და შუა აზიას შორის, სამხრეთ კავკასიის მთების გასწვრივ გაშლილ ნაყოფიერ ველებზეა გადაჭიმული, შეიძლება იყოს იმ ადამიანების სამშობლო, რომლებმაც ჩვეულებრივი ვაზის კულტივირება შეძლეს და საფუძველი ჩაუყარეს შარდონეს, კაბერნე სავიონიონისა და სხვა, ათასობით წითელი და თეთრი ღვინის დაყენების მექანიზმს, ღვინოებისა, რომლებითაც დღემდე ვტკბებით“.
New York Times-ში საქართველოს შესახებ სტატიაში აღნიშნულია, რომ ორშაბათს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მეცნიერებმა ღვინის კვალი საქართველოში მდებარე ორ დასახლებაში, თიხის ჭურჭლის ნარჩენებზე აღმოაჩინეს. აღმოჩენა ძველი წელთაღრიცხვით 6000 წლით თარიღდება და ევრაზიული ყურძნისგან დამზადებული ღვინის უძველეს ნიმუშს წარმოადგენს. ცნობილი ამერიკული გამოცემა აღნიშნავს, რომ მსოფლიოში წარმოებული ღვინის სახეობების უდიდესი ნაწილის დასამზადებლად სწორედ ამ ჯიშის ყურძენი გამოიყენება.
„ღვინის დაძველებაც ამას ჰქვია! 8000 წლის დაძველების სასმელი აღმოვაჩინეთ,“ – ამბობს პატრიკ მაქგოვერნი, მოლეკულური არქეოლოგი პენსილვანიის უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის მუზეუმიდან და მეცნიერების ეროვნული აკადემიის პროცესის ჟურნალის მთავარი ავტორი.
„აღმოჩენა ადასტურებს, რომ მეღვინეობის ტრადიცია 600-1000 წლით უფრო ადრე წარმოიშვა, ვიდრე ეს ირანში წარმოებული სამუშაოების შედეგად დოქტორმა მაქგოვერნმა დაადგინა. თუმცა მტკიცებულება ვერ ართმევს პირველობას ჩინეთს, სადაც ფერმენტირებული სასმელის უძველესი ნარჩენებია აღმოჩენილი და დოქტორ მაქგოვერნის გათვლებით, ძველი წელთაღრიცხვის 7000 წლით თარიღდება. სასმელი, ახლად აღმოჩენილი ყურძნის ღვინისგან განსხვავებით, დიდი ალბათობით, წარმოადგენდა ერთგვარ კოქტეილს, რომელიც ბრინჯის, თაფლის, კუნელის ნაყოფისა და ველური ყურძნისაგან შედგებოდა“, – აღნიშნულია სტატიაში.
The New York Times წერს, რომ დიდი ხანია, რაც ღვინის კულტურა საქართველოს ისტორიასთან არის გადაჯაჭვული, ქვეყანასთან, სადაც დახვეწილი სადღეგრძელოები ტრადიციული ზეიმების განუყოფელი ნაწილია. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი არტეფაქტები, რომლებიც ღვინის მოხმარების ისტორიას ადასტურებს, ბრინჯაოს ხანის, კლასიკური, რომაულ-ბერძნული და შუასაუკუნეების პერიოდებით თარიღდება. ქართული ღვინო საბჭოთა კავშირის პერიოდშიც დიდი მოწონებით სარგებლობდა.
ამერიკული გამოცემა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორისა და კვლევის ავტორის დავით ლორთქიფანიძის კომენტარსაც აქვეყნებს: „ყოველთვის არსებობდა ვარაუდი, რომ საქართველოში ნეოლითური ხანის ღვინო არსებობდა, ამას ბევრი ამტკიცებდა“, აცხადებს ლორთქიფანიძე. „თუმცა ახლა ხელშესახები მტკიცებულება არსებობს“.
„უძველესი ღვინის საიდუმლოს ამოსახსნელად, დოქტორმა მაქგოვერნმა და მისმა გუნდმა ნეოლითური ხანისა და ქვის ხანის ბოლო პერიოდის ორი დასახლება შეისწავლეს. ტერიტორია თბილისიდან 30 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. ნეოლითური ხანის დასახლებებში აღმოჩენილი თიხის ქილები ადასტურებს, რომ მოსახლეობა ღვინოს, დიდი ალბათობით, 300 ლიტრის მოცულობის მქონე ჭურჭელში ინახავდა, რაც დაახლოებით 400 ბოთლს წარმოადგენს. სავარაუდოდ, ისინი ჭურჭელს მიწაში ფლავდნენ, რათა ხელი შეეწყოთ ფერმენტაციისთვის. ეს ტრადიცია დღემდე შენარჩუნებულია საქართველოში.
ჯგუფმა ქილების ნარჩენები გათხრების ადგილას აღმოაჩინა. მათ გაოცებას არ ჰქონდა საზღვარი, როდესაც შესაბამისი ქიმიური ანალიზის ჩატარების შედეგად, რვა ჭურჭელში აღმოჩენილ იქნა ღვინის ნარჩენები, რომლითაც გაჟღენთილი იყო თიხის მასალა. ნარჩენებს შორის იდენტიფიცურებულია ღვინის მჟავა, რაც ადასტურებს სასმელის შემადგენლობაში ყურძნის წვენის არსებობას. გარდა ამისა, აღმოჩენილია ვაშლის, ქარვისა და ლიმონის მჟავები. დოქტორი მაქგოვერნის აზრით, მჟავების ამგვარი კომბინაცია მხოლოდ ყურძნისაგან დამზადებული ღვინის შემადგენლობაში შეიძლება იყოს ნაპოვნი“, – წერს The New York Times.
The New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ რადიოკარბონული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კვალი ძველი წელთაღრიცხვით 6000-5800 წლებით თარიღდება. ჯგუფმა აღმოაჩინა ყურძნის მტვრის, ყურძნის ღვინის სახამებლისა და ნეოლითის ხანის ხილის ბუზების უძველესი ნარჩენები. დნმ-ის ნარჩენების ან პიგმენტის აღმოჩენა ვერ მოხერხდა, ამდენად, ვერ დგინდება ღვინის ფერი.
„შესაძლოა, პრეისტორიული ხანის ადამიანები მხოლოდ ყურძნის წვენს ამზადებდნენ, თუმცა ტორონტოს უნივერსიტეტის არქეოლოგის, სტივენ ბატიუკის განცხადებით, ჭურჭელზე გამოსახული სცენები მიუთითებს, რომ ის რაღაც ძვირფასის, მაგალითად, ღვინის შესანახად გამოიყენებოდა.
რობერტ დესალი, ბუნების ისტორიის ამერიკის მუზეუმის მოლეკულური ბიოლოგი და თანაავტორი წიგნისა „ღვინის ბუნების ისტორია“, აღმოჩენას „ცეცხლგამძლეს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ მასზე დაყრდნობით აპირებს ჩაასწოროს წიგნის ის ნაწილი, რომელიც მეღვინეობის აკვანს ეძღვნება.
ენდრიუ უოთერჰაუსი, ღვინის ქიმიკოსი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან (დეივისის კამპუსი) თანხმდება და აღნიშნავს, რომ აღმოჩენილი სუქცინატი (ქარვის მჟავა) ადასტურებს, რომ სითხის ფერმენტაცია მიმდინარეობდა.
თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ ადამიანების სიყვარული ღვინისადმი კიდევ უფრო ადრეულ ხანაში შეიძლება წარმოშობილიყო. პრეისტორიული ადამიანები, სავარაუდოდ, ცხოველების დამუშავებულ ტყავს ყურძნისაგან ღვინის დასამზადებლად იყენებდნენ, თუმცა ათასწლეულების მანძილზე მიმდინარე ლპობის პროცესის გამო ამის მტკიცებულების აღმოჩენა საკმაოდ რთულია. სწორედ ამიტომ, სწორედ ადამიანების მოდგმის თრობის ისტორიის საკვლევად თიხის ჭურჭელი ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს“, – აღნიშნულია The New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.