ნევადის შტატში სამორინეები, რესტორნები და არასასიცოცხლო მნიშვნელობის კომერციული ობიექტები იხურება
კორონავირუსის გავრცელების გამო, ნევადის შტატის ხელისუფლებამ ყველა სამორინეს, რესტორნისა და არასასიცოცხლო მნიშვნელობის კომერციული ობიექტების დახურვის განკარგულება გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს. დაიხურება აშშ-ში აზარტული თამაშების დედაქალაქად წოდებულ ლას ვეგასში არსებული ყველა სამორინე.
შეზღუდვები ადგილობრივი დროით 18 მარტის შუადღიდან ამოქმედდება და 30 დღის განმავლობაში იმოქმედებს.
აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 105-ს შეადგენს, გამოვლენილია დაავდების 6200-ზე მეტი შემთხვევა. გასული კვირიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.