ნესტან ლონდარიძე - ზაზა სარალიძე საქმის გამოძიების დაწყებისთანავე საუბრობდა ამ საქმეში გიორგი მენაბდის სავარაუდო მონაწილეობაზე
ნესტან ლონდარიძე - ზაზა სარალიძე საქმის გამოძიების დაწყებისთანავე საუბრობდა ამ საქმეში გიორგი მენაბდის სავარაუდო მონაწილეობაზე

ზაზა სარალიძის მოთხოვნა, ისევე როგორც ჩემი, მისი ინტერესების დამცველის, იყო ის, რომ დასჯილიყო ყველა ის პირი, ვინც კი საქმეში მიიღო მონაწილეობა, ფარდულში განვითარებულ მოვლენებზე ვსაუბრობ, – ამის შესახებ სარალიძეების ოჯახის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მათი მთავარი მოთხოვნაა, გამოიკვეთოს საქმეში მონაწილე სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის ჩამდენი პირები და დაისაჯოს ყველა მათგანი.

„ზაზა სარალიძე, როდესაც ეს საქმე იწყებოდა, მაშინვე საუბრობდა გიორგი მენაბდის სავარაუდო მონაწილეობაზე ამ საქმეში და კითხვის ნიშნებს სვამდა მის მიმართ. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ის, რომ მენაბდეს ტანისამოსზე იყო ამოსული დათუნა სარალიძის „დე-ენ-ემ“-ის კვალი. აქვე მნიშვნელოვანი გარემოება, თუ გავიხსენებთ მიხეილ კალანდიას მიმართ მიმდინარე მოვლენებს, ჩვენ იქ მოვისმინეთ არაერთი მოწმის ჩვენება, რომლებიც მიუთითებდნენ ამ პირის სავარაუდო მონაწილეობას საქმეში. მათ შორის ფარდულში განვითარებულ მოვლენებში მონაწილეობას. თუმცა ამ მომენტში რა არის ახალი გარემოება, მე სამწუხაროდ, საქმის მასალებს ჯერ არ გავცნობილვარ. როდესაც ამის შესაძლებლობა გვექნება, გავეცნობით. დღეისთვის გვაქვს უფლება, მოვითხოვოთ საქმის მასალები და შემდეგ მეცოდინება დეტალები.

თავად მენაბდესაც ჰქონდა დაზიანება ზურგის არეში და ჩვენ ყოველთვის ვაპელირებდით ამაზე, რომ უნდა დადგინდეს აუცილებლად ის პიროვნებაც, ვინც მიაყენა დაზიანება და ის მოტივიც, რატომ მიაყენა დაზიანება ზურგიდან. შესაძლებელია, იყოს ვარაუდი, რომ მან მიიღო ეს დაზიანება სწორედ იმ მომენტში, როდესაც ის აყენებდა დაზიანებას დავით სარალიძეს. არც ერთი მოწმე გულწრფელად არ საუბრობდა გამოძიებასთან, თუმცა ზაზა სარალიძე თავიდანვე საუბრობდა იმაზე, რომ როდესაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა საგამოძიებო ორგანოს კომუნიკაცია ბავშვებთან, მათი საუბრებიდან გამომდინარე, მან იცოდა უშუალოდ მონაწილე პირები, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ეს პიროვნება მონაწილეობდა და მას ჰქონდა ცივი იარაღი ხელში“,- განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

შსს-მ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდე დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.