ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველთა ინფორმაციით, ნიკოლოზ ბასილაშვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და სასამართლომ ყველა შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა
ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველი ორგანიზაციის, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნიკოლოზ ბასილაშვილის სარჩელი და ყველა შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა. ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ცხრასაათიანი პროცესი, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარე ითხოვდა მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერების გაუქმებას. სასამართლომ ნელი დოროყაშვილისა და მისი არასრულწლოვანი შვილის დასაცავად გამოცემული ყველა შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა! შესაბამისად, ნიკოლოზ ბასილაშვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა!“, – აღნიშნულია ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებაში.