ნედ პრაისი - რუსეთი ავითარებს ყალბ ნარატივს, რათა გამოიყენოს უკრაინაში შეჭრის საბაბად, ეს რუსეთის მიერ კარგად გაწერილი სცენარია, როგორც უკრაინასა და საქართველოში მისი წინა შეჭრის შემთხვევებში იყო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსი მაღალჩინოსნებისა და რუსული მედიის მიერ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მასიურად გავრცელებული ყალბი ინფორმაციის შესახებ გაფრთხილებას იძლევა.
როგორც პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, გავრცელებული ყალბი ინფორმაციის შინაარსიდან გამომდინარე, რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, ნებისმიერი მათგანი უკრაინაში შეჭრის საბაბად გამოიყენოს.
„ეს შესაძლოა, მოიცავდეს ბრალდებებს დონბასში უკრაინელი სამხედროების ქმედებებთან დაკავშირებით, ცრუ ბრალდებებს აშშ-სა და ნატოს ქმედებებთან დაკავშირებით. ჩვენ შეშფოთებული ვართ, ვლადიმერ პუტინისა და სხვა მაღალჩინოსნების მიერ, ვციტირებ: „დონბასში გენოციდის “, მოხსენიებით. ამ ბრალდებებს საფუძველი არ გააჩნია”. თუმცა, პრაისი თქმით, ამას არ შეუჩერებია რუსეთი, გაეგრძელებინათ ცრუ ბრალდებები უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მოკლული სამოქალაქო პირების მასობრივ სამარხებთან დაკავშირებით, გაეკეთებინათ განცხადებები, რომ აშშ და უკრაინა მუშაობენ ბიოლოგიური იარაღის განვითარებაზე, რომელსაც მოგვიანებით რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გამოიყენებენ.
„ეს არის ყალბი ნარატივი, რომელსაც რუსეთი ავითარებს, რათა შემდეგ გამოიყენოს როგორც სამხედრო შეჭრის საბაბი უკრაინაში. დეკემბერში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ დაადანაშაულა ნატო და შეერთებული შტატები, რომ იგეგმება პროვოკაციები არაიდენტიფიცირებული ქიმიური კომპონენტების შემცველი რეზერვუარების დონბასში შეტანით, რომელსაც შემდგომ უკრაინა გამოიყენებდა. ეს რუსეთის მიერ კარგად გაწერილი სცენარია, ისევე როგორც, მისი წინა შეჭრები უკრაინასა და საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში განხორციელებული დეზინფორმაციის კამპანიები”, – აცხადებს პრაისი.