NDI - გამოკითხულთა 40 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI)-ის კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 40 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება.
კითხვაზე – „როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო“, გამოკითხულთა 4 პროცენტი პასუხობს, რომ საქართველო ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება, 25 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება, 22 პროცენტს მიაჩნია, რომ ქვეყანა ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება. რვა პროცენტმა კი, დააფიქსირა პასუხი „არ ვიცი“.
აღსანიშნავია, რომ კითხვის ამ ვერსიაში არ ყოფილა პასუხის ვარიანტი „საქართველო საერთოდ არ იცვლება“.
კითხვის იმ ვერსიაში კი, სადაც პასუხის აღნიშნული ვარიანტი მოცემულია, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა – 2 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება, 17 პროცენტი – ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება, 36 პროცენტი – საერთოდ არ იცვლება, 23 პროცენტი – ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება, 17 ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება. 4 პროცენტმა დააფიქსირა პასუხი „არ ვიცი“. 1 პროცენტმა კი, პასუხზე უარი განაცხადა.
აღნიშნული კითხვა რესპონდენტთა ნახევარს დაესვა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და CRRC–საქართველოს 2018 წლის ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარეობს.
კვლევის საველე სამუშაოები 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.