NDI - კვლევა ეკონომიკურ მდგომარეობასთან, გარემოს დაცვასთან და პოლიტიკურ კლიმატთან მიმართებაში მოსახლეობის მზარდ უკმაყოფილებაზე მიუთითებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევა ეკონომიკურ მდგომარეობასთან, გარემოს დაცვასთან და პოლიტიკურ კლიმატთან მიმართებაში მოსახლეობის მზარდ უკმაყოფილებაზე მიუთითებს, – ამის შესახებ NDI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
კვლევის თანახმად, მოქალაქეების 62 პროცენტს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 29 პროცენტი ამბობს, რომ ქვეყნის კურსი სწორია.
ამასთან, NDI-ის ინფორმაციით, ბოლო 10 წელიწადში მოსახლეობა სიტყვის თავისუფლების, ხელმისაწვდომი ჯანდაცვისა და ქალებისა და უმცირესობების უფლებების კუთხით გაუმჯობესებას ხედავს. თუმცა, შემდეგ საკითხებთან მიმართებაში მოქალაქეები გაუარესებაზე მიუთითებენ: კორუფცია, სასამართლო სისტემა, სამუშაო ადგილები, კრიმინალი, სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობა და ფასების ზრდა.
კვლევის თანახმად, წამყვან ეროვნულ საკითხებად კვლავ ეკონომიკური თემები რჩება: სამუშაო ადგილები, სიღარიბე და ფასების ზრდა. მოსახლეობის მხოლოდ 3 პროცენტი აფასებს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას „კარგად“. გარდა ამისა, რესპონდენტების 59 პროცენტი აღნიშნავს, რომ გასულ თვეში არც ერთი ანაზღაურებადი დღე უმუშავია.
NDI-ის ცნობით, მოქალაქეებს სურთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი უმთავრესად ჯანდაცვას, განათლებას, პენსიებსა და სოციალურ დახმარებას მოხმარდეს. ამისთვის, ისინი მზად არიან, რომ დაფინანსება საგარეო ურთიერთოებებს, პოლიციას და მცირე და საშუალო ბიზნესების დახმარებას მოაკლდეს.
„გაცხადებული ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, მოქალაქეების უმრავლესობა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას პესიმისტურად აფასებს. როგორც ჩანს, ეს ეკონომიკური ზრდა არ ასახულა საზოგადოების განწყობაზე“, – განაცხადა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა თორნტონმა.
მისი თქმით, პოლიტიკოსებმა ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ, რათა ქვეყნის ზრდის მაჩვენებლები მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახოს.
„მათ მოსახლეობას დასაქმებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის მისაღწევად უკეთესი პირობები უნდა შეუქმნან და პრიორიტეტებად ჯანდაცვისა და განათლების სფეროები აქციონ“, – განაცხადა ლორა თორნტონმა.
ამასთან, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ინფორმაციით, მოსახლეობის უმეტესობა გარემოს დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას კრიტიკულად აფასებს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა თბილისში, სადაც დედაქალაქის მაცხოვრებლების 90 პროცენტი მხარს უჭერს გარემოს დაცვის კუთხით ისეთი ზომების გატარებას, როგორიცაა: მანქანების ტექნიკური დათვალიერება, ნაგვის სავალდებულო დახარისხება, საკვები პროდუქტის რეგულარული შემოწმება, პოლიეთილენის პარკებისა და კონტეინერების აკრძალვა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC საქართველომ კვლევა დღეს გამოაქვეყნეს.
კვლევა, 2018 წლის 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,409 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.