NDI - გამოკითხულთა 44 პროცენტს მიაჩნია, რომ სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა უმნიშვნელოა
NDI - გამოკითხულთა 44 პროცენტს მიაჩნია, რომ სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა უმნიშვნელოა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევების თანახმად, გამოკითხულ რესპონდენტთა 93 პროცენტი მიიჩნევს, რომ შშმ პირების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. 2015 წლის კვლევის თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი 92 პროცენტს შეადგენდა.

კითხვაზე „რამდენად მნიშვნელოვანია ან უმნიშვნელოა შემდეგი უმცირესობების უფლებების დაცვა“ გამოკითხულთა 60-მა პროცენტმა მიუთითა, რომ ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, 11 პროცენტი მიიჩნევს, რომ უმნიშვნელოა. 2015 წელს გამოკითხულთა 68 პროცენტი მიიჩნევდა, რომ ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, 8 პროცენტი მიიჩნევდა, რომ უმნიშვნელოა.

ასევე, გამოკითხულთა 60 პროცენტს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა. 11 პროცენტი კი, პასუხობს, რომ უმნიშვნელოა. 2015 წელს 70 პროცენტს მიაჩნდა, რომ რელიგიური უმცირესობების დაცვა მნიშვნელოვანი იყო, ხოლო 8 პროცენტს მიაჩნდა, რომ უმნიშვნელო.

ამასთან, გამოკითხულთა 23 პროცენტი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა, 44 პროცენტს კი მიაჩნია, რომ უმნიშვნელოა. 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებლები შესაბამისად, 21 და 49 პროცენტს შეადგენდა.

კვლევის საველე სამუშაოები 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.