NBA-ის პირველი ნახევარფინალისტი „დენვერია“ - იოკიჩმა ისევ სამმაგი დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დღეს, გამთენიისას ორი მატჩი გაიმართა. დასავლეთის კონფერენციაში „დენვერ ნაგეტსმა“ „ფინიქს სანსი“ 125:100 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. აღმოსავლეთის კონფერენციაში კი „ფილადელფია სიქსერსმა“ მოედნის უპირატესობა ვერ გამოიყენა, შინ „ბოსტონ სელტიქსთან“ დამარცხდა და სერიის გამარჯვებულს მეშვიდე მატჩი გამოავლენს.

კევინ დურანტის (23 ქულა) „ფინიქსმა“ მხოლოდ ორი მატჩი მოუგო ნიკოლა იოკიჩის „დენვერს“, რომელმაც სერიაში 4:2 გაიმარჯვა. იოკიჩმა ამჯერადაც სამმაგი დუბლი მიითვალა – 32 ქულა, 12 პასი, 10 მოხსნა. მისი გუნდი ნახევარფინალში „ლეიკერსი“-„გოლდენ სტეიტის“ წყვილში გამარჯვებულს ელის.

„ფილადელფიასა“ და „ბოსტონის“ სერიაში (ანგარიში 3:3) კი გამარჯვებულის ვინაობა 15 მაისს ბოსტონში გაირკვევა.