ნაზი ჯანეზაშვილი - სისტემაში დარჩენილია 20 მოსამართლე, რომელიც ექვემდებარება უვადოდ გამწესებას, მათ შორის ლევან მურუსიძე
ნაზი ჯანეზაშვილი - სისტემაში დარჩენილია 20 მოსამართლე, რომელიც ექვემდებარება უვადოდ გამწესებას, მათ შორის ლევან მურუსიძე

სისტემაში დარჩენილია 20 მოსამართლე, რომელიც ექვემდებარება უვადოდ გამწესებას, მათ შორის ლევან მურუსიძე, – ამის შესახებ განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა დღევანდელი სხდომის დღის წესრიგის პირველი საკითხის შეფასებისას გააკეთა. საბჭო დღეს პირველ საკითხად უვადოდ გამწესების მსურველი 10 მოსამართლის განაცხადს განიხილავს. მანამდე კი 19-მა კანდიდატმა დააფიქსირა საკუთარი სურვილი.

საბჭოს ჯამში 29 მოსამართლეს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება ვინ გადავა გასაუბრების ეტაპზე. დღეს ნაზი ჯანეზაშვილმა გარკვეული სტატისტიკაც წარმოადგინა, რომელიც ამ დროისთვის უკვე გამწესებული მოსამართლეებისა და იმ კანდიდატების გვარებს მოიცავს, ვისაც კრიტერიუმების შესაბამისად უფლება აქვს გახდეს უვადო მოსამართლე.

„დღეს განცხადება რომელმა მოსამართლეებმაც წარმოადგინეს, არ მახსენდება, რომ რომელიმე მათგანი გახმაურებული საქმეების მოსამართლე იყოს. რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას, ჯამში 79-ე მუხლით, რომელიც უკვე პირველი ივლისიდან მოქმედებს, გასული წლიდან დანიშნულია 78 მოსამართლე უვადოდ, აქედან 10 მოსამართლეს ეთქვა უარი, როდესაც კონკურსი მიმდინარეობდა. ამ 10 მოსამართლის ჩათვლით, რომელიც განიხილება სხდომაზე, 29 მოსამართლეს უკვე წარმოდგენილი აქვს განაცხადი. იუსტიციის უმაღლესი საბჭო უახლოეს მომავალში იმსჯელებს მათი უვადო გამწესების შესახებ და სისტემაში დარჩენილი არის 20 მოსამართლე, რომელიც ექვემდებარება უვადოდ გამწესებას, იმ ფორმალურ კრიტერიუმებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის ლევან მურუსიძე“,- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

გარდა აღნიშნული საკითხისა ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, საბჭო დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა პალატებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციების შექმნის წესში ცვლილებების შეტანაზე იმსჯელებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს დღის წესრიგით რვა საკითხს განიხილავს.