იუსტიციის საბჭოში საერთო სასამართლოებში უვადო მოსამართლეობის მსურველ 18 კანდიდატთან მიმდინარეობს გასაუბრება
იუსტიციის საბჭოში საერთო სასამართლოებში უვადო მოსამართლეობის მსურველ 18 კანდიდატთან მიმდინარეობს გასაუბრება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადოდ გამწესების მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს.

სულ მსურველი 37 მოსამართლეა, თუმცა დღეს გასაუბრებას 18 მათგანი გაივლის. საუბარია ისეთ მოსამართლეებზე, რომელებიც თანამდებობაზე სამწლიანი გამოსაცდელი ვადით არიან გამწესებული და აქვთ სამ წელზე მეტი სამოსამართლო გამოცდილება.

იუსტიციის საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის თქმით, წარსულში, მსგავსი მოსამართლეების უვადოდ გამწესების პროცესში ხარვეზი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გარდამავალი გადაწყვეტილება, პროცესი დარეგულირდა.

„საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ თუ მოსამართლეს აქვს სამ წელზე მეტი გამოცდილება, ის აღარ უნდა ინიშნებოდეს სამ წლიანი გამოსაცდელი ვადით და იუსტიციის საბჭოს საშუალება აქვს, შეაფასოს მისი გამოცდილება და ასეთი მოსამართლეების პირდაპირ უვადოდ გამწესება უნდა მოხდეს. პროცედურულად დადგენილია, რომ თითოეულმა ასეთმა მოსამართლემ გასაუბრება გაიაროს. სწორედ ამ გასაუბრებაზეა საუბარი. ამის შემდგომ ქულათა სისტემით შეფასება მოხდება და შემდგომ კენჭისყრა. 2/3 რაოდენობის ხმის მოგროვების შემთხვევაში მოსამართლე უვადოდ გამწესდება“, – განმარტა გიორგი მიქაუტაძემ.

გიორგი მიქაუტაძე არ იზიარებს არამოსამართლე წევრების პოზიციას, რომ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესი არის ფასადური.

დატოვე კომენტარი