ნაზი ჯანეზაშვილი - სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობა მოსამართლეებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნას ემსახურება
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა მოსამართლეებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნას ემსახურება და ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვას გამოიწვევს.
ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, დამატებით კიდევ ერთი შენობის მშენებლობისთვის საბჭო ბიუჯეტიდან სავარაუდოდ დამატებით თანხას მოითხოვს.
როგორც ჯანეზაშვილი ამბობს, საბჭოს მოსამართლე წევრების ინიციატივით, საუბარია ერთ შენობაზე, სადაც საქალაქო სასამართლოს სამივე კოლეგია ერთად განთავსდება.
ნაზი ჯანეზაშვილს მიაჩნია, რომ თანხის არამიზანმიმართული ხარჯვა ხდება, რადგან დღეს არსებული, ახლად აშენებული შენობები სავსებით საკმარისია მოსამართლეთა სრულყოფილი მუშაობისთვის.
„საბჭო მსჯელობს იმაზე, უნდა აშენდეს თუ არა ერთი შენობა, რომელიც საქალაქო სასამართლოში არსებულ ყველა კოლეგიას დაფარავს. თუკი აშენდება ახალი შენობა, რომელიც ყველა კოლეგიას მოიცავს, ამ შემთხვევაში საბჭოს დასჭირდება დამატებითი 12 მილიონი, ხოლო გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე 34 მილიონი.
ჩემი აზრით, სერიოზული პრობლემაა, რომ საბჭოს წევრები მოითხოვენ დამატებით კომფორტს. ეს არის ძალიან მაღალი ამბიციები“,- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრა გადაიდო. მიზეზი დამატებითი მსჯელობის აუცილებლობაა.