ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადებას დაგვიანებულს უწოდებს
ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადებას დაგვიანებულს უწოდებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადებას დაგვიანებულს უწოდებს. ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ საბჭოს არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ჰქონდა, თუმცა კონკურსი მისთვის უცნობი მიზეზების გამო გადადო.

საბჭოს არამოსამართლე წევრის შეფასებით, კონკურსის 9-10 თვის დაგვიანებით გამოცხადება პირდაპირ ახდენს გავლენას საქმეთა გაჭიანურებასა და სამართალწარმოების პროცესის ვადების გახანგრძლივებაზე.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კონკურსი როდესაც არის გამოსაცხადებელი, საბჭოს უპირველესი ვალდებულებაა, შესაბამისი კონკურსი გამოაცხადოს და შეარჩიოს სამართლიანი პროცესით კანდიდატები. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში პრობლემა არის ის, რომ იანვრის კონკურსის შემდეგ, ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ იყო 41 ვაკანსია და ამ ხნის განმავლობაში საბჭოს არ უზრუნია კონკურსი გამოეცხადებინა ღიად, რათა დაესაქმებინა შესაბამისი შტატები. ჩვენ მივიღებთ შედეგს ასეთი დაგვიანებული გამოცხადების გამო, რომ თითქმის 9-10 თვიანი ლოდინის შემდეგ შეიძლება შესაბამისი შტატები შეივსოს. ამიტომ პრობლემაა, რომ დროულად არ ცხადდება კონკურსი და დროულად არ ხდება შტატების შევსება. რა თქმა უნდა, ეს აისახება საქმეთა გაჭიანურებაზე და ბუნებრივია, გავლენას ახდენს სამართალწარმოების პროცესის ვადებსა და ხანგრძლივობაზე“, – განმარტა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. საბჭო მოსამართლეებს 43 ვაკანტურ ადგილს სთავაზობს. საუბარია ღია კონკურსზე, რომელშიც მონაწილეობის უფლება აქვს ყველას, ვისაც აქვს სურვილი და აკმაყოფილებს კანონის შესაბამის კრიტერიუმებს, მათ შორის, მოქმედ მოსამართლეებს, ყოფილ მოსამართლეებს, პირებს რომლებსაც დამთავრებული აქვთ იუსტიციის სკოლის სრული სასწავლო კურსი. განაცხადების მიღება შესაძლებელია 6 აგვისტიდან 26 აგვისტის ჩათვლით.