იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეებს 43 ვაკანტურ ადგილს სთავაზობს. საუბარია ღია კონკურსზე, რაშიც მონაწილეობის უფლება აქვს ყველას, ვინც აკმაყოფილებს კანონის შესაბამის კრიტერიუმებს, მათ შორის, მოქმედ მოსამართლეებს, ყოფილ მოსამართლეებს, პირებს, რომლებსაც დამთავრებული აქვთ იუსტიციის სკოლის სრული სასწავლო კურსი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის ინფორმაციით, განაცხადების მიღება შესაძლებელია 6 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით.

გიორგი მიქაუტაძე კონკურსის გამოცხადების გაჭიანურებასთან დაკავშირებით​ არამოსამართლე წევრების კრიტიკასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კრიტიკა მიუღებელია, რადგან საბჭო ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს, რათა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები მოაგვაროს.

„ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ყველა საკითხზე. შეფასების დეპარტამენტსა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტს უწევს მუშაობა მიმდინარე შეფასებებზე. ასევე შემოსული იყო ძალიან ბევრი განაცხადი უვადოდ გადანიშვნასთან დაკავშირებით, ამ ყველაფერს ძალიან ბევრი დრო და ადამიანური რესურსი სჭირდება”, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.