ნაზი ჯანეზაშვილი - მოსამართლეების ქონებასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს
ნაზი ჯანეზაშვილი - მოსამართლეების ქონებასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს

სიუჟეტმა გამიჩინა კითხვები, რომელსაც პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

ეს განცხადება ნაზი ჯანეზაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც საუბარი იყო რამდენიმე მოსამართლის ქონებაზე, მათ შორის, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის, მერაბ გაბინაშვილისა და თამარ ალანიას ქონების შესახებ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ქონებას ფლობს თავად, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ აქვს – სახლი თბილისში, რომელიც 2014 წელს შეიძინა, სახლი აბაშის რაიონის სოფელ მარანში და მის მეუღლეს აქვს ძალიან პატარა, 20 კვ.მ ოთახი, რომელიც სახელმწიფომ გადასცა, როგორც დევნილს და იქ მისი მშობლები ცხოვრობენ.

შეკითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა, მსგავსი ისტორიები ჰქონოდათ მოსამართლეების ნაწილსაც, რომლებიც დღეს პრეტენზიას აცხადებენ, რომ მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კარგად არ შეისწავლა და ისე დაეთანხმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოს წევრობიდან გამომდინარე, შეუძლებელია, ეს ინფორმაცია შეესწავლა.

„მაქვს ზოგადი ინფორმაცია, მაგრამ ამ სიუჟეტში საუბარი იყო ოჯახის წევრებზე და სხვათა შორის, მითითება იყო ნათესავებზეც. მითითება იყო ასევე ჩინჩალაძესთან მიმართებაში. მე არ ვფლობ სრულყოფილ ინფორმაციას, სამწუხაროდ. იქ დასახელებული არ იყო მხოლოდ ერთი, ან ორი მოსამართლის გვარი. ამიტომ, ეს გამოძიების საგანია“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, რა არის იმაში უცნაური, რომ უვადოდ დანიშნულმა მოსამართლეებმა დიდი კრედიტი აიღონ და დიდი სახლი აიშენონ, ნაზი ჯანეზაშვილმა აღნიშნა, რომ ეს მოსამართლეები უვადოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში დაინიშნენ და მათ წინასწარ არ იცოდნენ, რომ ეს გარანტიები ექნებოდათ.

„ეს საბოლოო ჯამში არ არის გარანტირებული. არსებობს დისციპლინური სამართალწარმოება და არავინ იცის, რა შედეგი შეიძლება დადგეს. გარდა ამისა, უნდა შეფასდეს ქონება, სიმდიდრე და სიკეთე, რაც მათ გააჩნიათ, არის თუ არა რელევანტური იმ სესხებთან, კრედიტებთან და შემოსავლებთან, რაც მათ აქვთ. ამიტომ ვამბობ, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს. მე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ გამიცია ამ კითხვაზე და ვერც გავცემ. შეუძლებელია, ამაზე პასუხი მქონდეს, მაგრამ თავისთავად კითხვები ჩნდება და ამ კითხვებს გამოძიებამ უნდა უპასუხოს“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ასევე აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა დღევანდელ სხდომაზე წყენა გასაოცარი ფორმით გამოხატეს, რაც მისთვის მიუღებელია.

„პირველად, ამაზე საუბარი გვრიტიშვილმა დაიწყო. შემდეგ მოვიდნენ სხდომაზე ალანია და გაბინაშვილი, რომლებიც პირდაპირ მე მიტევდნენ. თამარ ალანიამ ფაქტობრივად სახე დაკარგა. მოსამართლე ასე არ უნდა იქცეოდეს საზოგადოებაში. არც ერთ ქვეყანაში ასე არ ხდება. ბუნებრივია, ეს არ იყო ჩემთვის მისაღები. თუ შენ, როგორც მოსამართლეს, გაქვს პასუხი, სწორედ მოსამართლის ვალდებულებაა, ამ კითხვას სოლიდური პასუხი გასცე. თუნდაც, წერილობითი განცხადება გაავრცელოს, დაასაბუთოს, მაგრამ ისინი ამ ფორმას არჩევენ“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისი თქმით, საბჭოს არამოსამართლე წევრები დღევანდელ სხდომაზე მისგან პასუხს, ფაქტობრივად, იმაზე მოითხოვდნენ, თუ რატომ გააზიარა სიუჟეტი საკუთარ ფეისბუქგვერდზე და რატომ ჰქონდა ირონიული დამოკიდებულება, რაც მოსამართლის მხრიდან სრულიად არასერიოზული და არაჯანსაღი დამოკიდებულებაა.