ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე იქნებოდა, შენგელია თუ ბონდარენკო, არაფერს შეცვლის, რადგან სასამართლო სისტემის სათავეში ჩინჩალაძე და მურუსიძე არიან
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე იქნებოდა, შენგელია თუ ბონდარენკო, არაფერს შეცვლის, ვინაიდან სასამართლო სისტემის სათავეში ჩინჩალაძე და მურუსიძე არიან, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ნინო ქადაგიძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩევა წარსულში დაბრუნებას ნიშნავს.
„ნინო ქადაგიძე ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ინტენსიურად სარგებლობს ე.წ. კლანის მხარდაჭერით, რაც გამოიხატება იმაში, რომ ის იყო 10-კაციან სიაში, რომელიც თავის დროზე საქართველოს პარლამენტს წარედგინა. შემდგომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა მიუხედავად იმისა, რომ ის სია დაბრუნდა, დღეს კი საბჭოს თავმჯდომარეა. ამ ყველაფერს თუ გადავავლებთ თვალს, კარგად ჩანს, რომ ნინო ქადაგიძე კლანის მხარდაჭერით სარგებლობს. ქადაგიძე არაფერს შეცვლის, რადგან ჩინჩალაძე და მურუსიძე არიან დღეს სასამართლოს სათავეში. ვერაფერს გააკეთებს, გარდა იმისა, რომ მხარი დაუჭიროს ჩინჩალაძე-მურუსიძის დავალებებს. არ ვეთანხმები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას ამ თანამდებობაზე, ეს არის წარსულში დაბრუნება. ცვლილებებით მივიღეთ, რომ ერთი ადამიანის ხელში არ უნდა იყოს კონცენტრირებული ძალაუფლება, არამედ იყოს გადანაწილებული, მაგრამ საბჭომ დღევანდელი გადაწყვეტილებით უარი თქვა რეალურად იმ საკონსტიტუციო რეფორმის ნაწილზე, რაც თავმჯდომარის არჩევას უკავშირდება. არსებითად ნინო ქადაგიძე იქნებოდა, შენგელია თუ ბონდარენკო, ეს არაფერს შეცვლის, ვინაიდან ჩინჩალაძე და მურუსიძე არიან სასამართლო სისტემის სათავეში. კანონი არ კრძალავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარსულში რა რეგულაციებიც არსებობდა, იმით იხელმძღვანელოს. მთავარია, გადავხედოთ დისკუსიას, რაც ცვლილებებს მოჰყვა და სასამართლოში ეს ცვლილებები იმიტომ განხორციელდა, რომ გადანაწილებულიყო ფუნქციები და როლები სხვადასხვა ადამიანში“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ოთხი წლის ვადით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გახდა. ნინო ქადაგიძემ საბჭოს წევრთა 13 ხმა მიიღო. თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებული შემადგენლობიდან დღეს შეირჩა.