ნაზი ჯანეზაშვილი - არამოსამართლე წევრების დიდ ნაწილს ივნისში ვადა გვეწურება და ლევან გზირიშვილი ბენეფიტად იღებს სავარაუდოდ თავისი შვილის მოსამართლის თანამდებობას
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის შვილის მოსამართლის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნაზე საუბრობს.
ჯანეზაშვილის თქმით, საბჭო მსჯელობს, მოსამართლედ განაწესოს საბჭოს არამოსამართლე წევრის, ლევან გზირიშვილის შვილი, ალექსანდრე გზირიშვილი.
„უზენაეს საბჭოში მიმდინარეობს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურსი დაახლოებით 88 ვაკანსიაზე, სადაც შემოტანილი აქვს განაცხადი 60-მდე კანდიდატს. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, თუ რა გავლენები აქვს ლევან გზირიშვილს და როგორ ხდება ის, რომ მისი შვილი ამ წლების განმავლობაში აღწევს კარიერულ წინსვლას და წარმატებებს სასამართლო სისტემაში.
2017 წელს ლევან გზირიშვილი ჩემთან და სხვა არამოსამართლე წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტმა აირჩია არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე, 2018 წელს მისი შვილი ალექსანდრე გზირიშვილი იწყებს მუშაობას თბილისის საქალაქო სასამართლოში, ამ ადამიანს არასდროს არ უმუშავია სასამართლო სისტემაში და გუშინ გამართულ გასაუბრებაზე ისიც აღნიშნა, რომ ამის ინტერესი ადრე არ ჰქონია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს კონკურსს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით და მას შემდეგ, რაც ალექსანდრე გზირიშვილი ყველა ფორმალურ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რაც საჭიროა, რათა ადამიანი გახდეს მოსამართლე, სავარაუდოდ, ის გახდება მოსამართლე. მან უკვე შემოიტანა განაცხადი 40-მეტ ვაკანსიაზე.
ლევან გზირიშვილს არაერთ შემთვევაში ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, მის ხმას და მხარდაჭერას ჰქონდა მნიშვნელობა კლანისთვის. შედეგად, 4 წლის თავზე, როდესაც არამოსამართლე წევრების დიდ ნაწილს ივნისში ვადა გვეწურება, ის ბენეფიტად, სარგებლად იღებს უკვე სავარაუდოდ თავისი შვილის მოსამართლის თანამდებობას“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.