ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ ორ დღეში დაგეგმილი მოსამართლეთა კონფერენცია არ უნდა შედგეს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ ორ დღეში დაგეგმილი მოსამართლეთა კონფერენცია არ უნდა შედგეს. კონფერენციაზე დაგეგმილია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი წევრის არჩევა, რადგან ამ დრომდე მოქმედ ოთხ წევრს უფლებამოსილების ვადა ეწურება.
ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, შერჩევა უნდა შეჩერდეს, რადგან არ არსებობს გარანტიები, რომ მოსამართლეთა კონფერენციაზე დამოუკიდებელ წევრებს აირჩევენ.
„საქართველოში ტერმინი სასამართლო რეფორმა გაუფასურდა და სწორედ ამ ოთხმა ტალღამ გამოიწვია ეს. შედეგების გაუმჯობესება არ დადგა. გაძლიერდა ჩინჩალაძის კლანი. კიდევ იქნებიან წლები სასამართლოში და უფრო გაიმყარებენ ძალაუფლებას. მნიშვნელოვანია, ადეკვატურად შევაფასოთ და შემდგომი ნაბიჯები პარლამენტის მიერ უნდა იყოს კარგად გააზრებული და გათვლილი გრძელვადიან პერსპექტივაზე. რაც აქამდე განხორციელდა რეფორმები, იყო უშედეგო. უნდა შეჩერდეს დანიშვნის პროცესი. დანიშნულია მოსამართლეთა კონფერენცია, სადაც ჩინჩალაძის კლანის ოთხი წევრი უნდა აირჩიონ მოსამართლედ. ეს ყოველთვის ასე ხდებოდა და შემთხვევით არ ვხმარობ ასეთ ტერმინებს. უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევის პროცესი გასული წლის დასასრულს დაიწყო, დღემდე მიმდინარეობს და ესეც შესაჩერებელია, ვინაიდან კრიტიკას ვერ უძლებს ის პროცედურები, რაც საბჭომ განახორციელა. ამიტომ ის შეთანხმება, რაც დაიდო, თუ იქნება გამოყენება იმისთვის, რომ ქვეყანამ წინ გადადგას ნაბიჯი სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის, იქნება მისასალმებელი“,- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.