„ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ“ კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე „ფრონტერას“ შეტყობინება გაუგზავნა
„ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ“ კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე „ფრონტერას“ შეტყობინება გაუგზავნა

„ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ“ კომპანია „ფრონტერასთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება გაგზავნა.

ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ნავთბის და გაზის კორპორაცია“ ავრცელებს.

კორპორაცია განმარტავს, რომ 2020 წლის 17 აპრილს გამოტანილ იქნა საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ერთი მხრივ, სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ და მეორე მხრივ, „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის“ და ფრონტერა აშშ-ის შორის მიმდინარე საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით, რომლის დაწყების საფუძველს წარმოადგენდა „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის“ მიერ 1997 წლის 25 ივნისის პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ კონტრაქტით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა.

„გადაწყვეტილება დავის აღძვრის შესახებ მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც მისი მოგვარების მიზნით სააგენტოს და კორპორაციის მიერ განხორციელებულმა არაერთმა მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო. „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენ”-მა არაერთგზის უარყო წინადადება, დაესრულებინა დავა მედიაციის გზით მორიგების შედეგად.

საარბიტრაჟო ტრიბუნალმა გაიზიარა სააგენტოსა და კორპორაციის ხედვა კონტრაქტის ნორმათა ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით და სხვა საკითხებთან ერთად დაადგინა, რომ ძებნა-ძიების ფართობის (მთელი სალიცენზიო ტერიტორიის 99%) სახელმწიფოსთვის დაბრუნებაზე უარის თქმით „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენ”-მა არსებითად დაარღვია კონტრაქტი, რაც სახელმწიფოს კონტრაქტის შეწყვეტის უფლებას ანიჭებს. გადაწყვეტილების მიხედვით, მოპასუხეებს დაევალათ აანაზღაურონ სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ გადახდილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის თანხა და ასევე, მოსარჩელეების მიერ საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა ასევე დააკმაყოფილა შეუამდგომლობა „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენისა” და ფრონტერა აშშ-ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნების გამოთხოვის თაობაზე და შეწყვიტა წარმოება ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია კოროპოარციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში და ასევე აღნიშნულია, რომ საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოოა.

უწყება აღნიშნავს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შინაარსისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, 2020 წლის 27 აპრილს სააგენტომ „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს” გადასცა შეტყობინება კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე. კონტრაქტი ავტომატურად შეწყვეტილად მიიჩნევა მასში განსაზღვრული ვადის ამოწურვისას – მიმდინარე წლის 27 ივლისს.

„სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ სრულად და ერთმნიშვნელოვნად უარყოფენ ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მიერ, მიმდინარე წლის 29 აპრილს, „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის” და ფრონტერა აშშ-ის სახელით გავრცელებულ გაცხადებაში გამოთქმულ ცრუ და არაკორექტულ შეფასებებს. ქართული მხარე კომპანიას მოუწოდებს, უმოკლეს ვადაში ნებაყოფლობით შეასრულონ საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება, ქართული მხარისთვის მიკუთვნებული თანხების (დაახლოებით 6 მლნ. აშშ დოლარი) გადახდის ჩათვლით.

ამავე დროს, აღვნიშნავთ, რომ არბიტრაჟის წესების მიხედვით, საბოლოო გადაწყვეტილების გასაჯაროება შესაძლებელია მხარეების თანხმობით. სააგენტო და კორპორაცია თანახმაა გასაჯაროვდეს გადაწყვეტილება. კორპორაციამ თანხმობისთვის მიმართა „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს”, თუმცა მათი მხრიდან ჯერ პასუხი არ მიუღია“, – აცხადებს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“.