ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრში დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა მომზადების საერთაშორისო კურსის დახურვის ცერემონია გაიმართა
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა მომზადების საერთაშორისო კურსი დასრულდა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ მიულოცეს. მათ ყურადღება საერთაშორისო კურსის მნიშვნელობაზე გაამახვილეს და საერთაშორისო პარტნიორებს ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ. ღონისძიების ფარგლებში მსმენელებმა სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა მომზადების საერთაშორისო კურსი ხუთი დღის განმავლობაში JTEC-სა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე მიმდინარეობდა და თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. სწავლებას ქართველი და ლიეტუველი ინსტრუქტორები ხელმძღვანელობდნენ და მასში ქართველ სამხედროებთან ერთად, ამერიკელი, ლიეტუველი და უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.
„კურსი მნიშვნელოვანია ბევრი თვალსაზრისით. პრაქტიკული კუთხით აღსანიშნავია, რომ სამხედრო მოსამსახურეები ერთად მოქმედებენ, უნარებს, ცოდნას იძენენ და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. ეს სწავლება პოლიტიკური თვალსაზირისითაც სასარგებლოა, რადგან წარმოდგენილი იყო ნატო-ს წევრი ქვეყნები და ის ქვეყნები, რომლებიც ალიანსის წევრები არ არიან, მაგრამ გაწევრიანების ამბიცია აქვთ. ჩვენ ისტორიულად არაერთი გამოწვევა გვქონია. ზოგადად, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს გაძლიერების მიზნით, თითოეული ქვეყნისა თუ ადამიანის კონტრიბუცია, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი სამხედროების შეკრება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, რომ საქართველო და უკრაინა ჩვენს ოჯახში შემოგვიერთდნენ“, – განაცხადა საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ.