ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრში დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა საერთაშორისო კურსი დასრულდა
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრში დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა საერთაშორისო კურსი დასრულდა

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა (IOCT) საერთაშორისო კურსი დასრულდა.

სწავლებაში მონაწილეობას ხუთი ქვეყნის 16 წარმომადგენელი იღებდა. თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები JTEC-სა და ნორიოს საწვრთნელ არეალში ჩატარდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მსმენელები დამკვირვებელ-მაკონტროლებლის ფუნქციებსა და მოვალეობებს, ასევე ოპერატიული გარემოს ცვლადებსა და მოქმედების შემდგომი მიმოხილვის ჩატარების მეთოდებს გაეცნენ. სამხედროებმა კურსის პრაქტიკული ნაწილი ნორიოში განახორციელეს, სადაც მსმენელებს შესწავლილი უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა მიეცათ.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ, ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად განახორციელონ ტაქტიკური დონის ქვედანაყოფების დაკვირვება და წვრთნა-შეფასება.

სწავლებას, ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად, ლიეტუველი ოფიცრები უძღვებოდნენ. JTEC-ში მსმენელებს კურსის წარმატებით დასრულება ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ მიულოცა. კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.