ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა - ალიანსის მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს მხარდაჭერას და ხაზს უსვამენ რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ესწრებოდა. ამის შესახებ ნატო-ს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„შეხვედრამ საშუალება მოგვცა, მიმოგვეხილა ისეთი არასტაბილური წლის შემდეგ საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობის როლი და მნიშვნელობა, როდესაც რუსეთის მიერ სიტყვითა და საქმით საფრთხე ექმნება ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ბაზისს, რათა აზრები გაგვეცვალა საქართველოს რეფორმების მიმართულებისა და ტემპის შესახებ – ქვეყნის ყოველწლიური ეროვნული პროგრამის კონტექსტში, და განგვეხილა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები“, – აღნიშნულია ნატო-ს ვებერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
განხცადებაში აღნიშნულია, რომ ნატო-ს მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს მხარდაჭერას და ხაზს უსვამენ რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას. ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას ალიანსისთვის.
„ნატო-ს მოკავშირეებმა გაითვალისწინეს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები მისი ამბიციური რეფორმების პროგრამასთან მიმართებით, მათ შორის ბოლოს გამოწვეულ „უცხოური აგენტების“ კანონთან დაკავშირებით. მათ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს შეთანხმებული რეფორმები, დაიცვას კანონის უზენაესობა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და გადალახოს შიდა პოლიტიკური პოლირიზაციის გახანგრძლივებული გამოწვევა, რათა გააძლიეროს ქვეყნის გამძლეობა და უსაფრთხოება და ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპულ და და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს“, – წერია განცხადებაში.