ნატო-ს საზღვაო ოპერაციების მეთაური - საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად განვიხილავთ
ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შავი ზღვისპირეთის შესწავლა მხოლოდ ახლო წარსულში დაიწყო. ამ რეგიონში საქართველო ალიანსისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, – ეს განცხადება ნატო-ს საზღვაო ოპერაციების მეთაურმა კლივ ჯონსტონმა ვაშინგტონში „ატლანტიკურ საბჭოში“ განაცხადა, სადაც საზღვაო ძალების მნიშვნელობასა და როლზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.
„შავ ზღვაში წარმომადგენლობა გავზარდეთ და რეგიონს უკეთ ვეცნობით. საქართველოს განვიხილავთ როგორც ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს. სულ რაღაც ორი თვის წინ, ჩემი მოადგილე თურქულ გემთან და ბრიტანულ ჯგუფთან ერთად საქართველოში იყო და მესაზღვრეებთან ერთად უსაფრთხოების წვრთნები ჩაატარეს. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს საზღვაო უსაფრთხოების კუთხით დიდი რესურსი არ აქვს და რომ მათ ამ საკითხზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც შეერთებული შტატებისგან რამდენიმე გემი მიიღეს საჩუქრად“, – თქვა ნატოს მაღალჩინოსანმა.
ჯონსტონის თქმით, ინსტრუქტორების გუნდი საქართველოს მიერ ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების უნარებმა სასიამოვნოდ გააკვირვა, რაც ნატო-ს შავი ზღვის აუზის უკეთ გაცნობაში ეხმარება.
„ამერიკის ხმა“ წერს, რომ ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში ლტოლვილთა კრიზისმა და რუსეთის მიერ შემოდგომაზე ჩატარებულმა სამხედრო წვრთნებმა “ზაპად 2017-მა”, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში საზღვაო უსაფრთხოებაზე დებატები გააცოცხლა.
მედიასაშუალების ცნობით, „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი ქრისტინ უორთმუთი ამბობს, რომ „ნატო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას და საზღვაო უსაფრთხოებაზე ბევრი კუთხით უნდა იფიქროს – იქნება ეს ჩრდილო-ატლანტიკურ ფლანგზე, ბალტიის ზღვაში თუ შავი ზღვისპირეთში“.
უორთმუთის თქმით, 2001 წლის 9 სექტემბრის შემდეგ ალიანსის მთავარი საზრუნავი ტერორიზმი და მასთან გამკლავება იყო: „თუმცა ახლა ზღვის მნიშვნელობა ნატოს უსაფრთხოებაში ისევ აქტუალურია. ალიანსმა ახალ გამოწვევებზე უნდა იფიქროს – იქნება ეს ლტოლვილების კრიზისი, უკანონო მიგრაცია, კონტრაბანდა თუ რუსეთის საზღვაო ძალების გაძლიერება“.
„უორთმუთის მიერ ჩამოთვლილი კრიზისების შედეგად, ნატოსთვის საზღვაო ძალა ახლა პრიორიტეტია, რაც კიდევ მეტად ააქტიურებს დისკუსიას ნატო-ს საზღვაო სტრუქტურის ადაპტაციის შესახებ“, – წერს „ამერიკის ხმა“.