ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას მხარი დაუჭირეს
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა დასკვნით დეკლარაციაში საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას მხარდაჭერა გამოუცხადეს.
დოკუმენტში, რომელიც დეპუტატებმა ვარშავაში გამართული საგაზაფხულო სესიის ბოლოს მიიღეს, ასევე დაფიქსირებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრები გმობენ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.
„მოვუწოდებთ ნატო-ს წევრებს, ხაზგასმით აღნიშნონ ასპირანტი ქვეყნების წევრობის პერსპექტივა. ამასთან, შეინარჩუნონ გაწევრიანების კრიტერიუმები. გააგრძელონ საქართველოს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ამ ქვეყნის ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესში; განავითარონ და წინ წასწიონ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის პოლიტიკური ასპექტი; კიდევ ერთხელ დაგმონ რუსეთის მიერ ყირიმის არალეგალური ანექსია, დესტაბილიზაცია აღმოსაველთ უკრაინაში. ასევე, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია. მოკავშირეებმა უნდა დაადასტურონ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა“, – ნათქვამია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში.
ვარშავაში გამართული სესიის ბოლოს მიღებულ დოკუმენტში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის შეკავების პოლიტიკის გაგრძელებასა და მოსკოვთან დიალოგის შენარჩუნებას ითხოვს.