ნატო-ს სამხედრო კომიტეტი საქართველოშია
ნატო-ს სამხედრო კომიტეტი საქართველოშია

საქართველოს, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დიდი ხნის პარტნიორის მიმართ მხარდაჭერის დემონსტრირების ნიშნად, ორდღიანი ვიზიტით ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ეწვია, – ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს თავმჯდომარეს, ავიაციის მთავარ მარშალს, სერ სტიუარტ პიჩს და დელეგაციის წევრებს თბილისის სამთავრობო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დახვდა.

აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატში სამხედრო კომიტეტი სასტუმრო „ბილტმორში“ სხდომას გამართავს. სესიას ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია წარუძღვებიან. ნატო-ს სამხედრო კომიტეტის წევრები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას გაეცნობიან და შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ იმსჯელებენ.

ვიზიტის მეორე დღეს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ვაზიანის სამხედრო ბაზას ესტუმრება და საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) მოინახულებს. დელეგაციის წევრები საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასაც (GDRP) გაეცნობიან. ნატო-ს სამხედრო წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) სტუმრობით დაასრულებენ, სადაც „ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას 2019“ დააკვირდებიან.

ნატო-ს სამხედრო კომიტეტი საქართველოს მესამედ სტუმრობს. უწყება ნატო-ს უმაღლეს სამხედრო ორგანოს წარმოადგენს, რომელიც ჩრდილოატლანტიკური საბჭოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ექვემდებარება. სამხედრო კომიტეტი ადგენს ინსტრუქციებს ნატო-ს პოლიტიკური სტრუქტურებისათვის სამხედრო სტრატეგიასთან დაკავშირებით და პასუხისმგებელია ალიანსის სამხედრო საქმიანობაზე.

სამხედრო კომიტეტი აფასებს ნატო-სთვის შესაძლო საფრთხის შემცველი ქვეყნების სამხედრო ძლიერებასა და შესაძლებლობებს. საომარი მდგომარეობის, კრიზისული სიტუაციების ან ალიანსის სამშვიდობო-სამხედრო ოპერაციების დროს მას ევალება მოხსენებებისა და რეკომენდაციების წარდგენა ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და ბირთვული დაგეგმვის ჯგუფისთვის. აღსანიშნავია, რომ სამხედრო კომიტეტი შეიმუშავებს დირექტივებს ნატო-ს სამხედრო სარდლობებისათვის, ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს საერთო უსაფრთხოების, თავდაცვისა და კრიზისების მართვის საკითხებზე ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლებთან.