ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე - უკრაინა, საქართველო და ჩვენც თუ მზად ვიქნებით, მაშინ ეს ქვეყნები იქნებიან ჩვენ გვერდით
უკრაინა, საქართველო და ჩვენც თუ მზად ვიქნებით, მაშინ ეს ქვეყნები იქნებიან ჩვენ გვერდით, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ ბუქარესტში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
მოდერატორმა მას ჰკითხა 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრი გახდებიან.
„ჩვენ უნდა ვუთხრათ უკრაინას და საქართველოს, ასევე ბოსნია და ჰერცეგოვინას, დასავლეთ ბალკანეთს, რომ ისინი თუ მზად არიან და ჩვენც თუ მზად ვართ, მაშინ იქნებიან ჩვენ გვერდით. ეს არის ბუქარესტის სულისკვეთება, რომ ყველა სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება, იოცნებოს საკუთარ მომავალზე, იბრძოლოს ამ მომავლისთვის და ვიყოთ იქ, სადაც, ჩვენი გადაწყვეტილებით, არის ჩვენი ადგილი. ჩვენი ადგილი დასავლეთშია, უკრაინის ადგილი დასავლეთშია. რუსეთმა განაცალკევა საკუთარი თავი ცივილიზებული ევროპისგან. უკრაინა იქნება ცივილიზებული ევროპის ნაწილი და ჩვენ ამას ვაკეთებთ. რა ფორმით მოხდება და რა ვადებში, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ისინი ჩვენ გვერდით იქნებიან. ისინი იქნებიან დემოკრატიული, განვითარებული და თვითდაჯერებული ცივილიზებული ევროპის ნაწილი. სწორედ იქ არის უკრაინის, მოლდოვისა და ყველა იმ სახელმწიფოს ადგილი, რომელმაც საკუთარი გეზი თავად აირჩია. ეს გახლავთ ბუქარესტის სულისკვეთება“, – განაცხადა მირჩა ჯოანამ.