ნატო-ს დღეების ფარგლებში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრა მიმდინარეობს
ნატო-ს დღეების ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში შეხვედრა მიმდინარეობს. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ მეჯვრისხევის იუსტიციის საზოგადოებრივ ცენტრში იმართება.
შეხვედრაზე განიხილება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდები.
ალიანსისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ მოქალაქეებს ინფორმაცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე ნოზაძემ მიაწოდა და მოსახლეობის კითხვებს უპასუხა.
ნატო-ს დღეები საქართველოში მეთერთმეტედ აღინიშნება. ნატო-ს დღეები-2018 16 აპრილს დაიწყო და 1 მაისს დასრულდება. ღონისძიებების მიზანია, აღნიშნული დღეების ფარგლებში, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების საკითხზე საზოგადოებასთან ინტენსიური შეხვედრა-დისკუსიები იმართება როგორც თბილისში, ისე საქართველოს რვა რეგიონში (კახეთი, შიდა-ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო-ქართლი).
მიმდინარე წელს, ნატო-ს დღეები სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატო-ს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.