ნატო სერგეი სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით, ბრიუსელში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის შვიდ თანამშრომელს გააძევებს. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
გარდა ამისა, ნატო-მ 30-დან 20-მდე შეამცირა რუსული დიპლომატიური მისიის წევრთა რაოდენობა. ალიანსში შეწყდა სამი რუსი დიპლომატისთვის აკრედიტაციის საკითხის განხილვაც.
იენს სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ რუსი დიპლომატების გაძევება ალიანსის რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკას არ ცვლის.
14 მარტს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა სახის კონტაქტს წყვეტს და ეს გადაწყვეტილება ქალაქ სოლსბერიში, ყოფილი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო მიიღო. ბრიტანეთი მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს.
როგორც გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა აღნიშნა, ევროკავშირის 14-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რუსი დიპლომატები გააძევოს.
ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნიდან 60 რუს დიპლომატს აძევებს და სიეტლში მდებარე რუსეთის საკონსულოს ხურავს.