ნატო - მხარს ვუჭერთ ყველა ქვეყნის უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევების გარეშე
ნატო მხარს უჭერს ყველა ქვეყნის უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევების გარეშე. ამის შესახებ ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საბჭოში შეშფოთებულები არიან უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ძალების არაპროვოცირებული და გაუმართლებელი მობილიზაციის გამო და
მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ განმუხტოს სიტუაცია.
„ჩვენ სერიოზულად ვაფასებთ არსებული სიტუაციის შედეგებს ალიანსის უსაფრთხოებისთვის. ყოველთვის გვექნება შემართული რეაგირება ჩვენი უსაფრთხოების გარემოს ნებისმიერ გაუარესებაზე, მათ შორის ჩვენი კოლექტიური თავდაცვის პოზიციების გაძლიერებით, თუ ეს საჭირო გახდება. ნატო მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას ალიანსის ყველა წევრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ნატო მზადაა რუსეთთან გონივრული დიალოგისთვის.
„ჩვენთვის ცნობილია რუსეთის წინადადებები, რომლებიც ევროპის უსაფრთხოებას ეხება. რუსეთთან ნებისმიერი დიალოგი უნდა წარიმართოს ორმხრივ საფუძველზე, რუსეთის ქმედებების გამო ნატო-ს შეშფოთების გათვალისწინებით, ასევე უნდა ეფუძნებოდეს ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებსა და დოკუმენტებს და გაიმართოს ნატო-ს ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციით. თუ რუსეთი გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს დაძაბულობის შესამცირებლად, ჩვენ მზად ვართ ნდობის ნდობის განმტკიცების ზომებზე სამუშაოდ. ეუთო ასევე არის რელევანტური პლატფორმა“, – ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს განცხადებაში.
შეგახსენებთ. რომ მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი ითხოვს ნატო-სთან საგნობრივი დიალოგის დაწყებას, რომელიც რუსეთისთვის უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიების გაცემას ითვალისწინებს.
მოსკოვის კონკრეტული წინადადებები ამ კვირაში რუსეთსა და ბრიუსელში ვიზიტად მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდს გადაეცა.