ნატო ჩხეიძე - მთავრობისადმი უნდობლობის გამოხატვის პროცესთან დაკავშირებით წინადადება ჯერ კარგად მომზადებული არ არის, ალბათ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, საგამოძიებო კომისია შეიქმნას
ნატო ჩხეიძე - მთავრობისადმი უნდობლობის გამოხატვის პროცესთან დაკავშირებით წინადადება ჯერ კარგად მომზადებული არ არის, ალბათ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, საგამოძიებო კომისია შეიქმნას

ოპოზიციონერი დეპუტატის ნატო ჩხეიძის განცხადებით, პარლამეტში ოპოზიციის მუშაობა მხოლოდ საგამოძიებო კომისიების სახით არის შესაძლებელი.

„ოპოზიციის მუშაობა ამ პარლამეტში შესაძლებელია მხოლოდ საგამოძიებო კომისიების სახით და თანდათან ამ მხრივაც მეტი და მეტი შეიქმნება“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

რაც შეეხება „ლელოს“ ინიციატივას, რომ პარლამენტში დაიწყოს მთავრობისადმი უნდობლობის გამოხატვის პროცესი, საკითხზე საუბრისას ნატო ჩხეიძემ აღნიშნა, რომ  წინადადება ჯერ კარგად მომზადებული არ არის. ნატო ჩხეიძე მიიჩნევს, რომ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, თუ 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება.

„წინადადება ჯერ კარგად მომზადებული არ არის და ამას სერიოზული კონსულტაციები სჭირდება მთლიანად ოპოზიციაში. პროცედურები ძალიან კარგად დასალაგებელია. ეს როგორც კი შეჯერდება, უნდობლობის დაწყება ან იქნება შესაძლებელი ან – არა.  განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. სწორედ ამიტომ, ალბათ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნას 5-6 ივლისთან დაკავშირებით, რათა სიმართლე გაირკვეს. ხელისუფლება ოპოზიციას აბრალებს, ხოლო ოპოზიციამ დანამდვილებით იცის, რომ ეს ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

ნატო ჩხეიძემ ასევე განაცხადა, რომ ბოიკოტი არის საპარლამენტო მუშაობის ერთ-ერთი ბერკეტი, რასაც გამოიყენებენ.

„ბოიკოტი საპარლამენტო მუშაობის ერთ-ერთი ბერკეტია და ამ ბერკეტსაც გამოვიყენებთ. კომიტეტებზე დავდივართ და ვმუშაობთ. რაც შეეხება სესიებს, იმ საკითხების განხილვისას, რომლებიც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა, აუცილებლად მოვალთ. შედეგიანი რა იქნება ეს ბოლოში გამოჩნდება. ოპოზიცია იყენებს ყველა ბერკეტს და უფლებას, რაც საპარლამენტო ბრძოლისთვის შესაძლებელია“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

თბილისში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ირგვლივ საუბრისას, ნატო ჩხეიძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ ყველაფერში შინაგან საქმეთა მინისტრს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი წვლილი მიუძღვის. მისივე თქმით, პირადად მას გომელაურთან შეკითხვები არ აქვს.

„რა მოვლენებიც განვითარდა, გომელაურს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უარყოფითი წვლილი აქვს. მას შეკითხვებზე პასუხები უკვე გაცემული აქვს ტელევიზიით. მასზე მეტს არ იტყვის როგორი ჯვარედინი შეკითხვებიც არ უნდა დავუსვათ, ძალიან გაზეპირებულს იტყვის, იმას რაც უკვე თქვა. პირადად მე, გომელაურთან შეკითხვები არ მაქვს“, – აღნიშნა ნატო ჩხეიძემ.