ნათია თურნავა - საქართველოს ეროვნული ბანკი ბაზარზე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დამკვიდრებას აქტიურად უწყობს ხელს, რაც მომხმარებლებს ჭარბვალიანობისგან იცავს
ნათია თურნავა - საქართველოს ეროვნული ბანკი ბაზარზე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დამკვიდრებას აქტიურად უწყობს ხელს, რაც მომხმარებლებს ჭარბვალიანობისგან იცავს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას მოუსმინეს. ნათია თურნავამ პასუხსიმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დამკვიდრების შესახებ ისაუბრა და შვიდი დეპუტატის კითხვებს უპასუხა.

„საქართველოს ეროვნული ბანკი ბაზარზე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დამკვიდრებას აქტიურად უწყობს ხელს, რაც მომხმარებლებს ჭარბვალიანობისგან იცავს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, აღნიშნული პრინციპის დაცვა მნიშვნელოვანია, როგორც ვალდებულების შესრულების გადავადების ან/და რესტრქტურიზაციის პროცესში, ასევე მომხმარებლის სათანადოდ ინფორმირებულობის თვალსაზრისითაც.

,,კომერციულ ბანკებს მიეცათ წერილობითი მითითება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. საშეღავათო პერიოდის დაწესების პროცესში მხარეებს შორის არ ფორმდება დამატებითი ან/და ცვლილების შესახებ ხელშეკრულება, მომხმარებლებს დაუყოვნებლივ მატერიალური ან ელექტრონული ფორმით უნდა მიეწოდოთ გადახდების შესახებ დეტალური ინფორმაცია ან/და დაფარვის გრაფიკი. ასევე, მომხმარებლებს ინდივიდუალური საკომუნიკაციო საშუალებით უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია ხელშეკრულების პირობების ცვლილების ფაქტთან დაკავშირებით და წყარო, სადაც ხელმისაწვდომი იქნება დეტალური გრაფიკი ან გადახდების შესახებ ინფორმაცია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, აღნიშნული მითითება მათ ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის შედეგად განვითარებულ მოვლენებზე საპასუხოდ, კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ გაცემულ სესხებზე, კრედიტებზე ე.წ. საშეღავათო პერიოდის დაწესების შესახებ მომხმარებელთა ინფორმირების პროცესში რიგი ხარვეზების გათვალისწინებით იქნა გაცემული.

,,ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შედეგად შეცვლილ პირობებზე მომხმარებლები წინასწარ არ არიან ინფორმირებულნი, და მათთვის რთულია ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება. მათი მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში კომერციულმა ბანკებმა უნდა უზრუნველყონ საშეღავათო პერიოდით სარგებლობამდე მოქმედი გრაფიკის მიხედვით გადახდების მიღება. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად ბანკების მხრიდან მომხმარებლისთვის სესხის გადავადებული ნაწილის წინმსწრებით დაფარვის შეთავაზების შემთხვევაში, წინმსწრების საკომისიო უნდა იყოს ნული“, – დასძინა ნათია თურნავამ.

აღსანიშნავია, რომ ზემოთქმულით მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მოითხოვონ ე.წ. საშეღავათო პერიოდამდე არსებულ პირობებზე, მათ შორის, გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნება, რისთვისაც მათ უნდა მიმართონ შესაბამის მომსახურე ფინანსურ ორგანიზაციას, რის შედეგადაც აღნიშნული ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია, იმოქმედოს ხსენებული წერილობითი მითითებით.