ნათია თურნავა - საქართველო არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი, ეს ეხება არა მხოლოდ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას, არამედ საერთაშორისო აეროპორტებსაც
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების განახლებისა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აეროპორტის ოპერატორმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ ადგილზე უკვე უზრუნველყო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და საერთაშორისო სტანდარტებით აეროპორტებში მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო ყველა მოთხოვნა, მათ შორის შესასვლელებში დამონტაჟდა ხელის სადეზინფექციო აპარატები, სპეციალური ვიდეოსკანერები, რომლითაც მგზავრთა თერმოსკრინინგი განხორციელდება. ასევე მოფრენისა და გაფრენის ტერმინალებში უსაფრთხო დისტანცია სპეციალური სტიკერებით მოინიშნა, სარეგისტრაციო დახლებზე მოეწყო დამცავი ფარები, რათა არ მოხდეს პირდაპირი კონტაქტი მგზავრსა და აეროპორტის თანამშრომლებს შორის.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, როგორც ცნობილია, საქართველო საერთაშორისო ვიზიტორების მასპინძლობას პირველი ივლისიდან გეგმავს.
„მნიშვნელოვანია, მთელი ინფრასტრუქტურა, მათ შორის საერთაშორისო აეროპორტები მზად იყოს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და უსაფრთხოების ყველა ეპიდემიოლოგიურ სტანდარტს უპასუხონ, რათა მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოხდეს როგორც ტურისტების მიღება, ასევე ჩვენი მოქალაქეების გაფრენა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორმა კომპანიამ ძალიან დიდი შრომა გაწია, რათა უსაფრთხოების სტანდარტები ყველა პროცედურის დროს, ყველა ნაბიჯზე უმაღლეს დონეზე იყოს დაცული.
„პრაქტიკულად, კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ საქართველო არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი და ეს ეხება არა მხოლოდ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას, არამედ აეროპორტებსაც“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
აეროპორტში მიმდინარე პროცესს ასევე გაეცნენ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან კარანაძე.