ნათია თურნავა - სააკაშვილის განცხადებები უკვე ანეგდოტს ემსგავსება, დისტანციური მუშაობა, სწავლება გამიგია, მაგრამ დისტანციური პრემიერობის კანდიდატობა „ნაციონალების“ ნოუჰაუა
ნათია თურნავა - სააკაშვილის განცხადებები უკვე ანეგდოტს ემსგავსება, დისტანციური მუშაობა, სწავლება გამიგია, მაგრამ დისტანციური პრემიერობის კანდიდატობა „ნაციონალების“ ნოუჰაუა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ანეგდოტს ემსგავსება და სერიოზული კომენტარის გაკეთება უჭირს.

„ზოგადად მისი განცხადებები რაღაც ანეგდოტს ემსგავსება და ძალიან მიჭირს სერიოზული კომენტარის გაკეთება. ჩამოვა, არ ჩამოვა – ახლა იმასაც გეტყვით ნახევრად ხუმრობით, რომ პანდემიის დროს, მთელი მსოფლიო გადავიდა დისტანციურად მუშაობის რეჟიმზე, გამიგია დისტანციურო მუშაობა, გამიგია დისტანციური სწავლება, მაგრამ დისტანციური პრემიერობის კანდიდატობა, პირდაპირ გეტყვით, ეს რაღაცა „ნაციონალების“ ნოუჰაუა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც ჩანს, პოლიტიკურ უხერხულობას ვერ გრძნობს.

„როგორც ჩანს, სხვა ვერაფერი აქვთ, რაც უნდა წარუდგინონ ქართველ ამომრჩეველს, გარდა ფუჭი მსჯელობისა, რომ ჩამოვა, არ ჩამოვა, როდის ჩამოვა, გადაიფიქრებს – ეს არის ერთადერთი ღირებული, რასაც საკუთარი კამპანიის სათავეში ისინი აანონსებენ.

აქედან ცალსახად ჩანს, რომ ეს ძალა არის წარსულის ძალა, ეს პოლიტიკოსები და მათი ლიდერი, გახლავთ წარსულის პოლიტიკოსი, ესენი ცდილობენ, რომ ისევ წარსულ მოგონებებში ჩაითრიონ ქვეყანა და ეს შესთავაზონ ამომრჩეველს. ჩვენ ვართ მომავლის ძალა. არც მინდა, ამ ანეგდოტურ ვითარებაზე კომენტარი გავაკეთო“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშიას“ პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი დასახელდა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ პრემიერობის საკითხზე ვიდეომიმართვისას ისაუბრა. მას საქართველოში დაბრუნების თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ მზად არის, პრემიერ-მინისტრობა ორი წლით იტვირთოს.