ნათია თურნავა და ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ
ნათია თურნავა და ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და ბიზნესომბუდსმენი ნინო კვეტენაძე.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ტოროპერატორები გაეცნენ პრემიერ-მინისტრისა და საკოორდინაციო საბჭოს დავალებით შემუშავებულ საქართველოს ტურიზმის უსაფრთხო აღდგენის 2021 წლის გეგმას და მიმდინარე წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაგეგმილ აქტივობებს, რომელიც კომპანიებს მეტი ტურისტის მოზიდვაში დაეხმარება. შეხვედრის მონაწილეებს ასევე გააცნეს პოსტკოვიდ მოგზაურობის საერთაშორისო უახლესი ტენდენციები. გარდა ამისა, საუბარი შეეხო უსაფრთხო ტურიზმის აღდგენას, მათ შორის რეგულარული ფრენების აღდგენას, ქვეყანაში უსაფრთხოების ნორმების დაცვას და მარკეტინგული აქტივობების წარმოებას მიზნობრივ ბაზრებზე. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საერთაშორისო მოგზაურების შემოსვლის პროტოკოლი, რომლის თანახმად, სრული (ორი დოზა) ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტით შემოვა ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე/რეზიდენტი, ბოლო ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული ვალიდური ნეგატიური PCR ტესტით და საზღვრის კვეთიდან მესამე დღეს სავალდებულო PCR ტესტით (საკუთარი ხარჯით) ევროკავშირის, შვეიცარიის, აშშ-ის, ისრაელის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, საუდის არაბეთის, ბაჰრეინის, ყატარისა და ნორვეგიის მოქალაქეები, ხოლო ბრიტანეთის მოქალაქეები 12-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

როგორც ტუროპერატორები აცხადებენ, ეკონომიკის სამინისტრომ მათთან სამუშაო გეგმის პრეზენტაცია გამართა, თუ როგორ ხედავს ეკონომიკის სამინისტრო სექტორის ამუშავებას. სამინისტრომ ამავე გეგმის დახვეწაში მონაწილეობის მიღება ტურისტულ კომპანიებს შესთავაზა.

„შეხვედრაზე გვითრხეს, თუ რომელ ქვეყნებზე იქნება ორიენტირება, რომელი ქვეყნებიდან უნდა მოვიზიდოთ ტურისტები. ჩვენ შევთანხმდით, რომ სამინისტრო შექმნის სამუშაო ჯგუფს, რომელშიც იქნება ტურისტული ინდუსტრიის ყველა სექტორის წარმომადგენელი, ასევე სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენლები. ანუ ყველა ის სეგმენტი, რომელიც წარმოადგენს ტურიზმს. ველოდებით, რომ ეს ჯგუფი ამ კვირაში შეიქმნება. ასევე, ჩვენ მოვითხოვეთ, რომ იყოს ერთიანი პლატფორმა, სადაც შევძლებთ, მივიღოთ ინფორმაცია რეგულაციებზე. რაღაც ინფორმაციის მოძიება რომ გვჭირდება, ძალიან ბევრი წვალება, დრო გვჭირდება და თან სხვადასხვა ინფორმაციას ვიღებთ. ამაზეც ვისაუბრეთ და ესეც იქნება გათვალისწინებული.

ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ სამინისტროს მიდგომა არის ხისტი. პირიქით მინისტრმა ჩაინიშნა ყველა ის შეკითხვა, რომელიც ჩვენგან წამოვიდა. იყო საკითხები, რომლებზეც გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ეს ვერ მოგვარდება, მაგრამ იყო საკითხები, რომელსაც განვიხილავთ და მოვაგვარებთო“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ტურისტული კომპანია „ბითიელის“ დირექტორმა, მაია ბიბილურმა.

ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელების განცხადებით, უცხოელების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება არის – არ არის ისეთი მაღალი, როგორიც 2019 წელს იყო, თუმცა ფიქრობენ, რომ გვიანი გაზაფხულისთვის ქვეყანას მთელი რიგი რეგულაციები უკვე გაუქმებული ექნება.

„დღეს ვისაუბრეთ საჰაერო საზღვრის გახსნაზე და გვაქვს სურვილი, ვისაუბროთ სახმელეთო საზღვრის გახსნაზეც, რაზეც უკვე სამუშაო ჯგუფის ფორმატში იქნება საუბარი. ფაქტობრივად, საერთაშორისო ტურიზმის აღდგენა დღეიდან დაიწყო, მაგრამ ის სრულყოფილად ვერ ამუშავდება, რადგან ჯერ კიდევ მოქმედებს კომენდანტის საათი, დახურულია სასტუმროები და რესტორნები. ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან დაინტერესება ნამდვილად არის და ისინი ჩვენგან ელოდებიან, მეტი დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდებას. გვგონია, რომ გვიანი გაზაფხულისთვის უკვე შესაძლებელია, ტურისტული ნაკადები ვიხილოთ. იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია იმდენად დასტაბილურდება, რომ საშუალება მოგვეცემა – ერთი, რომ კომენდანტის საათი შეიცვალოს და მეორე – სრულად აღდგეს ყველანაირი სერვისები. ამის გარეშე ტურიზმის აღდგენა არარეალურია. არ განიხილება, რომ თვის ბოლოს დიდი ნაკადები უნდა წამოვიდეს. გვიანი გაზაფხულისთვის ეს სიტუაცია გაცილებით დასტაბილურდება“, – განაცხადა ტურისტული სააგენტო „ომნესტურის“ დირექტორმა, ირაკლი ტაბულაშვილმა.