ნათია თურნავა აცხადებს, რომ ტურისტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა რეგულაციებსა და პროცედურებზე, რომლებიც ევროკავშირის მიდგომებთან თანხვედრაში იქნება
ნათია თურნავა აცხადებს, რომ ტურისტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა რეგულაციებსა და პროცედურებზე, რომლებიც ევროკავშირის მიდგომებთან თანხვედრაში იქნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ქართული მხარე ტურისტებთან დაკავშირებით მუშაობს კონკრეტულ რეგულაციებსა და პროცედურებზე, რომლებიც ევროკავშირის მიდგომებთან თანხვედრაში იქნება.

„როგორც მოგეხსენებათ, სულ ერთი დღეა, ამ სიაში ვართ და ჩვენ ვაკვირდებით თითოეული ქვეყნის ქვეგადწყვეტილებას, რა იქნება. აქედან გამომდინარე, უკვე უფრო ნათელი იქნება ჩვენთვისაც, თუ რა კონკრეტული პროცედურები დავახვედროთ ჩვენც ჩამოსულ ტურისტებს და ჩვენს მოსახლეობას რა ექნება გასავლელი ამა თუ იმ ქვეყანაში. ევროკავშირის წევრ თითოეულ ქვეყანას გააჩნია გარკვეული თავისუფლება ამ გადაწყვეტილების ფარგლებში. აუცილებელია, მივადევნოთ თვალყური, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს და მათთან ვმუშაობთ“, –  განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრის გახსნაზე წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს.

მათ შორის არის საქართველოც.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაცია იურიდიულად სავალდებულო არ არის და მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდების მთავრობამ დაამტკიცა ევროკავშირის მიერ შემუშავებული ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც საზღვრებს გაუხსნის.