საქართველო და კიდევ 13 ქვეყანა, რომლებთანაც საზღვრები გაიხსნება - ევროკავშირის საბჭომ სია ოფიციალურად დაამტკიცა
საქართველო და კიდევ 13 ქვეყანა, რომლებთანაც საზღვრები გაიხსნება - ევროკავშირის საბჭომ სია ოფიციალურად დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ წევრი სახელმწიფოებისთვის გასცა რეკომენდაცია პირველი ივლისიდან 14 ქვეყანასთან საზღვრების გახსნის შესახებ. ოფიციალურად დამტკიცებულ სიაში  არის საქართველოც.

სია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ევროკავშირის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული სია ყოველ ორ კვირაში გადაიხედება და გარემოებების მიხედვით განახლდება.

იმ ქვეყნების სრული სია, რომლებსაც ევროკავშირი საზღვრებს გაუხსნის, ასეთია: საქართველო, მონტენეგრო, სერბეთი, კანადა, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, რუანდა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი.

შეთანხმებულ სიაში ვერ მოხვდნენ აშშ, რუსეთი და ბრაზილია.

სიაში მეთხუთმეტე ქვეყანაა ჩინეთი, თუმცა ევროკავშირი საზღვარს იმ პირობით გახსნის, თუ ჩინეთიც ასევე გაუხსნის საზღვარს ევროკავშირის მოქალაქეებს.

ამასთან, როგორც ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზშია განმარტებული, სიის შედგენისას გათვალისწინებული იყო შემდეგი კრიტერიუმები: ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და კორონავირუსის გავრცელების შემაკავებელი ზომები, მათ შორის ფიზიკური დისტანცირება, ასევე ეკონომიკური და სოციალური მოსაზრებები.

რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას, მესამე ქვეყნები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

ბოლო 14 დღის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 ათასს მოსახლეზე უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს ან იყოს მასზე ნაკლები;

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, წინა 14-დღიან პერიოდთან შედარებით, კორონავრუსის ახალი შემთხვევების ტენდენცია უნდა იყოს სტაბილური ან კლებადი;

ზოგადი რეაგირება „კოვიდ-19“-ზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის გათვალისწინებით, მათ შორის ტესტირების, დაკვირვების, კონტაქტების გამოვლენის, შეკავების, მკურნალობისა და აღრიცხვასთან დაკავშირებული ინფორმაციის, ასევე ინფორმაციის სანდოობის გათვალისწინებით.

ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სიის შედგენისას უნდა იყოს რეგულარულად გათვალისწინებული ნაცვალგება.

ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები ეხებათ შენგენის ასოცირებულ ქვეყნებსაც – ისლანდიას, ლიხტენშტაინს, ნორვეგიასა და შვეიცარიას.

საბჭოს რეკომენდაცია არ არის იურიდიულად სავალდებულო ინსტრუმენტი. აღნიშნული რეკომენდაციის შესრულებაზე პასუხისმგებელი არიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობები.