ნიდერლანდებმა საქართველოსთან საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო
ნიდერლანდებმა საქართველოსთან საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო

ნიდერლანდების მთავრობამ დაამტკიცა ევროკავშირის მიერ შემუშავებული ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც საზღვრებს გაუხსნის. 15 ქვეყანას შორის ჩამონათვალში საქართველოც არის.

როგორც ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პირველი ივლისიდან ნიდერლანდები მიიღებს მოქალაქეებს ევროკავშირის მიერ რეკომენდებული თხუთმეტივე ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან. თუმცა აღნიშნულია, რომ ჩინეთის მოქალაქეები ევროპაში ჩასვლას შეძლებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის მოქალაქეებისთვის ჩინეთი გახსნის საზღვარს.

ნიდერლანდების მთავრობამ აღნიშნულ საკითხზე ევროკავშირის გადაწყვეტილების რატიფიცირება მოახდინა. ნიდერლანდების საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამ ქვეყნებში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება შეესაბამება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს, ან მასზე უმჯობესია.

ევროკავშირის საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრის გახსნაზე წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს. მათ შორის არის საქართველოც.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაცია იურიდიულად სავალდებულო არ არის და მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ.