ნათია ნოღაიდელი - სახელმწიფოს მიერ აღმზრდელთა რეესტრის შექმნა ძალიან კარგი ინიციატივაა, მაგრამ საკითხი ღრმა განსჯას საჭიროებს
სახელმწიფოს მიერ აღმზრდელთა რეესტრის შექმნა ძალიან კარგი ინიციატივაა, რადგან ყველა მშობელი დაინტერესებულია პიროვნების შესახებ, რომელსაც საკუთარი შვილის აღზრდა–განათლებას ანდობს, მეტი ინფორმაცია ჰქონდეს, მაგრამ საკითხი ღრმა განსჯას საჭიროებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსმა, ნათია ნოღაიდელმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„ამავე დროს, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, არსებობს თუ არა მსგავსი გამოცდილება რომელიმე სხვა ქვეყანაში, რადგან ეს საკმაოდ რთული პროცესია, აღნიშნული ვალდებულების შემოღება ადმინისტრირების შესაბამისი ორგანოს განსაზღვრასაც მოითხოვს და ალბათ, ფინანსურ ვალდებულებებსაც დაუკავშირდება“, – განაცხადა ნოღაიდელმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ დღესდღეობით ფსიქოს, ფორმა 100–სა და სხვა ცნობების აღება სირთულესა და საფუძვლიან გამოკვლევასთან დაკავშირებული არ არის, იგეგმება თუ არა საბავშვო ბაღებში ძიძობის მსურველი პირებისთვის მოთხოვნების გამკაცრება, ნათია ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმების მსურველი პირის მიმართ დამატებითი მოთხოვნები განსაზღვროს, რაც სამედიცინო ცნობაში უნდა აისახოს. ამავე დროს, ჯანდაცვის სამინისტრო საბავშვო ბაღში დასაქმებულ პერსონალთან დაკავშირებით ცვლილებებზე მუშაობს.
„იმ წინააღმდეგ ჩვენებებზე, რაც საბავშვო ბაღში დასაქმებისთვის, ან იქ დასაქმებული პერსონალისთვის დასაქმების მიმართ წინააღმდეგ ჩვენებას წარმოადგენს, საერთაშორისო გამოცდილება და რეკომენდაციები მოვიძიეთ. ამ ეტაპზე, სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ და მთავრობის შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანას ვგეგმავთ“, – განაცხადა ნათია ნოღაიდელმა.