ეკა გოქაძე - მივესალმებით, თუ სახელმწიფო შეძლებს, ბავშვის აღმზრდელების შესახებ იმაზე მეტი ინფორმაცია მოიპოვოს, რასაც ძიძების სააგენტოები ვაკეთებთ
ეკა გოქაძე - მივესალმებით, თუ სახელმწიფო შეძლებს, ბავშვის აღმზრდელების შესახებ იმაზე მეტი ინფორმაცია მოიპოვოს, რასაც ძიძების სააგენტოები ვაკეთებთ

მივესალმებით, თუ სახელმწიფო შეძლებს, ბავშვის აღმზრდელების შესახებ იმაზე მეტი ინფორმაცია მოიპოვოს, რასაც ძიძების სააგენტოები ვაკეთებთ, მაგრამ ჩემთვის რაღაცები ბუნდოვანია, რადგან იმ ყველაფრის კონტროლი, რაზეც კანონპროექტის ავტორმა ისაუბრა, ძალიან რთულია, – განაცხადა ძიძების სააგენტო ”ნენი ჯორჯიას” ხელმძღვანელმა, ეკა გოქაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„მარტო ჩვენს ბაზაში ასეულობით ძიძა გვყავს და თუ სახელმწიფოს მიერ საერთო ბაზა შეიქმნება, სადაც ათასობით ადამიანი იქნება, ამ ყველაფრის გაკონტროლება კიდევ უფრო ძნელი გახდება“, – განაცხადა გოქაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, სახელმწიფოს მიერ აღმზრდელთა რეესტრის შექმნა შეუშლის თუ არა ძიძების სააგენტოებს საქმიანობაში ხელს, ეკა გოქაძემ აღნიშნა, რომ ინიციატივასთან დაკავშირებით მკაფიო აზრი ჩამოყალიბებული არ აქვს, რადგან მინიმალურ ინფორმაციას ფლობს, მაგრამ ინიციატივას მიესალმება, თუ სახელმწიფო შეძლებს, ბავშვის აღმზრდელების შესახებ იმაზე მეტი ინფორმაცია შეაგროვოს, ვიდრე ეს კანონის ფარგლებში სააგენტოებს შეუძლიათ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა პერიოდულობით ამოწმებს სააგენტო ძიძების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეკა გოქაძემ თქვა, რომ დარეგისტრირების შემდეგ, როცა გარკვეული პერიოდი გავა და ვაკანსია გამოჩნდება, რომელიც ძიძას აწყობს და ამავე დროს, აღმზრდელი ოჯახის მოთხოვნებსაც აკმაყოფილებს, ძიძას ოჯახში მუშაობის დაწყებამდე სამდღიანი გამოსაცდელი ვადა ეძლევა, რათა ორივე მხარე ერთმანეთს შეეგუოს და შეთანხმების შემთხვევაში, ხელშეკრულებაზე ხელის მოწერამდე ძიძას სააგენტოში ჯანრთელობის განახლებული ცნობა მიაქვს.