მაია რობაქიძე - ძიძების რეესტრი მაშინ რომ ყოფილიყო, როცა შვილისთვის ძიძა დამჭირდა, აუცილებლად ვისარგებლებდი
მაია რობაქიძე - ძიძების რეესტრი მაშინ რომ ყოფილიყო, როცა შვილისთვის ძიძა დამჭირდა, აუცილებლად ვისარგებლებდი

რამდენიმე დღის წინ პარლამენტს კანონპროექტით მივმართე, რათა სახელმწიფოს მიერ ბავშვის აღმზრდელთა რეესტრის შექმნა მოხდეს. ეს იდეა იქედან გამომდინარე გამიჩნდა, რომ დედა ვარ და როცა შვილისთვის აღმზრდელის შერჩევის ფაქტის წინაშე დავდექი, ეს ძალიან რთული და მტკივნეული პროცესი აღმოჩნდა, – ამის შესახებ წინადადების ავტორმა, მოქალაქე მაია რობაქიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„რთულია, როცა ოჯახში შენს ბავშვთან სრულიად უცხო ადამიანი რჩება, რომლის შესახებაც შესაძლოა, არანაირი ინფორმაცია არ გქონდეს“, – განაცხადა რობაქიძემ.

მისი თქმით, კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ძიძების ერთიან სტანდარტს შეიმუშავებს, თუ როგორი შეიძლება იყოს ძიძა და ბავშვთან კონტაქტში როგორი ადამიანი შეიძლება შევიდეს.

„ამით საზოგადოებას რეესტრის მიმართ გარკვეული ნდობა ექნება. ასეთი რეესტრი რომ მაშინ ყოფილიყო, როცა შვილისთვის ძიძა დამჭირდა, მისით აუცილებლად ვისარგებლებდი“, – განაცხადა რობაქიძემ.

როგორც წინადადების ავტორმა აღნიშნა, პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფოს გარკვეული ფინანსური რესურსის გაღება მოუწევს, მაგრამ ამავე დროს, შესაძლოა, გარკვეული შემოსავალიც მიიღოს.

„სახელმწიფოს შეუძლია, რეესტრის გამოყენებისთვის გარკვეული გადასახადი დააწესოს, რომელსაც მშობელი გადაიხდის. გარდა ამისა, მონაცემთა ბაზის გამოყენება სავალდებულო უნდა იყოს იმ სააგენტოებისთვის, რომლებიც ამ კუთხით მუშაობენ. შესაბამისად, ბაზის გამოყენებისთვის გარკვეული სახის გადასახადი მათაც დაუწესდებათ“, – განაცხადა რობაქიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა ამ მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკა, მაია რობაქიძემ თქვა, რომ ერთიანი სტანდარტი არ არსებობს.

„ვფიქრობ, სახელმწიფოს გარკვეულწილად ეშინია, ამხელა პასუხისმგებლობა აიღოს, მაგრამ ბავშვი მშობლისთვის და სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს და კარგი იქნება, თუ ქართული სახელმწიფო ერთ–ერთი პირველი იქნება, რომელიც ასეთ პასუხისმგებლობას აიღებს“, – განაცხადა მაია რობაქიძემ.