ნათია მეზვრიშვილი - სასჯელის გამკაცრება განაპირობა იმ გამოწვევებმა, რომელთა წინაშეც სამართალდამცავი ორგანოები ბოლო პერიოდის განმავლობაში დგანან
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, დანაშაულის დაფარვა-შეუტყობინებლობისთვის, ჩვენების მიცემაზე უარისა და ცრუ ჩვენებისთვის სასჯელი გამკაცრდა, რაც განაპირობა იმ გამოწვევებმა, რომელთა წინაშეც სამართალდამცავი ორგანოები ბოლო პერიოდის განმავლობაში დგანან, – ამის შესახებ შსს-ს მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს მოქმედი კანონით, ყველა კატეგორიის დანაშაულის დაფარვა-შეუტყობინებლობისთვის ერთი და იგივე სანქცია არის გათვალისწინებული.
„აღნიშნული გულისხმობს, რომ თუ მოქმედი კანონით სასჯელები არ არის დიფერენცირებული, ანუ პირი დაფარავს თუ არა ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს, მისი დაფარვა-შეუტყობინებლობისთვის ერთი და იგივე სანქცია არის გათვალისწინებული. ცვლილების შემდეგ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა-შეუტყობინებლობისთვის დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა იქნება გამოყენებული. ეს განაპირობა იმ გამოწვევებმა, რომელთა წინაშეც სამართალდამცავი ორგანოები ბოლო პერიოდის განმავლობაში დგანან, ვგულისხმობ თანამშრომლობის პრობლემებსა და მოქალაქეების მხრიდან დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიწოდების პრობლემებს. მათ შორის ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ხორავას საქმე იყო“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულის დაფარვა-შეუტყობინებლობისთვის, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენებისთვის სასჯელი გამკაცრდა.
უწყების ცნობით, დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში 24 პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რაც 2017 წლის მთლიან მონაცემს უტოლდება.