თბილისში ყაჩაღობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
თბილისში ყაჩაღობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით, ხოლო 1990 წელს დაბადებული ა.შ. – დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის თბილისში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ლ. მიმდინარე წლის 25 ივნისს, ფონიჭალაში მდებარე „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრს ყაჩაღურად თავს დაესხა და იარაღის მუქარით გაიტაცა ბანკის კუთვნილი თანხა – 18 168 ლარის ოდენობით. სამართალდამცველებმა, დაკავებულის ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს 2300 ლარი,. ა. შ.-ს ავტომანქანის ჩხრეკისას კი ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი ნივთი, რომელიც მოწმის – ნ. ა.-ს ჩვენებით, მ.ლ.-მ ყაჩაღობის შემდგომ გადასცა ა.შ.-ს“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, პოლიციამ მოწმე ნ.ა.-ს ბინის ჩხრეკისას დიდი რაოდენობით მედიკამენტები ამოიღო. „მისი განმარტებით, აღნიშნული მედიკამენტები მ.ლ.-მ მიმდინარე წლის 20 ივნისს, ერთ-ერთ აფთიაქზე ყაჩაღური თავდასხმის დროს გაიტაცა და შესანახად გადასცა მას“, – აღნიშნავენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.