ადვოკატი აცხადებს, რომ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი ბრალს აღიარებენ
ადვოკატი აცხადებს, რომ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი ბრალს აღიარებენ

14 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი ბრალს აღიარებენ.

ამის შესახებ ადვოკატმა, არჩილ დვალიშვილმა განაცხადა.

„აღიარებენ წარდგენილ ბრალდებას. 376-ე მუხლის პირველი ნაწილით არის ბრალდება გათვალისწინებული. ედავებიან დანაშაულის შეუტყობინებლობას. ბუნებრივია, ცნობილი იყო, არასრულწლოვანი რომ იყო გარდაცვლილი, აქედან გამომდინარე ბრალდების ნაწილში აღიარებენ. ბრალდების ნაწილში აღიარებენ. სავარაუდოდ სასამართლო პროცესი ხვალისთვის ჩაინიშნება“, – განაცხადა ადვოკატმა.

კახეთში 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 13 ოქტომბერს დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით 2009 წელს დაბადებულ ა.შ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ბიძის, ა.ა.-ს სახლში მიიყვანა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შესახებ. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით ასევე დადგინდა, რომ ამავე დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო, ა.ა.-ს შვილის – ბ.ა.-სთვის, თუმცა მათ პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს“, – განაცხადეს შსს-ში.